ახალი ამბები

ეუთო, კონფლიქტები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტის დროს



მარცხიდან მარჯვნივ: შვეიცარიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი; ეუთოს შვეიცარული თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ანჯელო გნედინგერი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი სოფელ ერგნეთში, 3 ივნისი, 2014 წელი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

შვეიცარიის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა, რომლის ქვეყანაც წელს ეუთოს თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა თბილისში, რომელსაც ის 3 ივნისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია.
 
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დიდიე ბურკჰალტერმა, რომელიც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები და ასევე საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის წინადადებები განიხილა.
 
ეუთოს მისიას საქართველოში საქმიანობის დასრულება 2009 წლის ივნისში მოუხდა მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა მის მანდატზე შეთანხმება, რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ. მაშინ რუსეთმა უარყო ეუთოს მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ინიციატივა, რომელიც ე.წ. „ნეიტრალური სტატუსის“ ფორმულას ეფუძნებოდა და რომელშიც არ იყო ნახსენები არც საქართველო და არც მისი სეპარატისტული რეგიონები, სტატუსზე დავის თავიდან აცილების მიზნით.
 
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას შვეიცარიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეუთოს შვეიცარული თავმჯდომარეობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება არის ის, რომ „მნიშვნელობა მიეცეს“ გამოსავლის პოვნას საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მიზნით, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, შესაძლებელი იქნება ისეთი პრიორიტეტების უკეთ მოგვარება, როგორიცაა „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესება და სტაბილიზაცია“ და კონფლიქტის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების გადაწყვეტა.
 
მან განაცხადა, რომ ეს ინიციატივა გულისხმობს „მობილური მხარდამჭერი ჯგუფის“ ჩამოყალიბებას, რომელიც ვენაში განთავსებული ეუთოს შტაბბინიდან იმუშავებს.
 
დიდიე ბურკჰალტერმა განაცხადა, რომ მანდატი ჯერ კიდევ განსახილველი და შესათანხმებელია „სხვადასხვა მხარეებს“ შორის.
 
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამაზე; ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბურკჰალტერმა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მართალია ეს საკითხი შვეიცარიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხია, მაგრამ „როგორი იქნება ეს მისია, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია; საერთოდ იქნება თუ არა, ამის თქმაც არ შეიძლება ახლა“.
 
მისი თქმით, ერთ–ერთი ვარიანტია მობილური ჯგუფის შექმნა, „რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ხოლმე ვენიდან და ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია“.
 
„მაგრამ ეს ასე იოლი მოსაგვარებელი და დასაგეგმი არ არის“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
 
ეუთოს შვეიცარული თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას იანვარში ბურკჰალტერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მზად არის საქართველოში ეუთოს მისიის არსებობაზე დისკუსიები განაახლოს იმ პირობით, თუ დაინტერესებული მხარეები მოქნილობას და შემოქმედებითობას გამოიჩენენ ეუთოს მისიის ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით“.
 
ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, ეუთო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა. 3 ივნისს შვეიცარიის პრეზიდენტი ერგნეთს ესტუმრა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა – ამ ფორმატის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება მთელი რიგი საკითხები, დაწყებული ადგილზე არსებული უსაფრთხოებიდან და დამთავრებული თავისუფალი გადაადგილებით და მასში თბილისის, ცხინვალის და რუსული ჯარების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
 
ბურკჰალტერმა განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა მზად არის ხელი შეუწყოს ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან „მცირე შემფასებელი მისიების“ გაგზავნას,  „თუ ამის სურვილი და საჭიროება იქნება“ – სავარაუდოდ, ამ ინიციატივას სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებები არ დათანხმდებიან.
 
შუამავალი 

შვეიცარია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს რუსეთში და რუსეთის ინტერესებს საქართველოში მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
 
2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე შეთანხმება შედგა; ვმო–ზე რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ჯერ რეალურად არ ამუშავებულა, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.
 
შეთანხმების ამოქმედების გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას შვეიცარიის პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ კვლავ განვიხილავთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა გამოვნახოთ საუკეთესო გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მომდევნო კვირას მომლაპარაკებლების გუნდს გამოვგზავნით ამ საკითხის გადასაწყვეტად. [ბოლო] კვირების განმავლობაში ჩვენ ასევე ველოდებოდით საქართველოს რეაგირებას კონტრაქტებში შეტანილ ზოგიერთ ცვლილებაზე“.
 
ორმხრივი ურთიერთობები
 
ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით შვეიცარიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები არა მხოლოდ „ძალიან მეგობრულია, არამედ ძალიან ინტენსიურიც“.
 
გარდა პრეზიდენტ მარგველაშვილისა, თბილისში ის ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთანაც  ბურკჰალტერმა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შვეიცარიის პრეზიდენტმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ის ასევე შეხვდა დეპუტატებს მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან.
 
2013–2016 წლებში შვეიცარიამ 41 მილიონი შვეიცარული ფრანკი (დაახლოებით 45.7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო საქართველოში სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, დაწყებული სამუშაო ადგილების შექმნით და სოფლის მეურნეობით და დამთავრებული დევნილთა ინტეგრაციით და ბუნებრივი კატასტროფების პრევენციით.
 
შვეიცარიის პრეზიდენტი, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავის ტურნეს ერევანში ვიზიტით დაასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button