ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘ვფიქრობ, რომ საქართველოს პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული’ ნატოს უელსის სამიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესი „იქნება ადეკვატურად შეფასებული“ ნატოს უელსის სამიტზე სექტემბერში, თუმცა დასძინა, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად გააკეთოს წინასწარი პროგნოზები სამიტის შედეგებზე და ცრუ მოლოდინები გაუჩინოს მოსახლეობას.

მან ეს განცხადება 4 ივნისს პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს გერმანიაში ვიზიტისას კანცლერ ანგელა მერკელის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის ვარაუდითაც საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში არ იქნება, თუმცა საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება სხვა საშუალებით აისახოს.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ გაიმეორებს წინა ხელისუფლების „ძალიან დიდ“ შეცდომას, როცა ხდებოდა MAP-თან დაკავშირებით წინასწარ „ცრუ მოლოდინის“ გაჩენა მოსახლეობაში და ეს „გაუაზრებელი პოლიტიკა“ დამთავრდა იმით, რომ „2008 წელს ჩვენ  MAP არ მივიღეთ და მოხდა ძალიან დიდი იმედგაცრუება“, თანაც ისე, რომ „ხალხმა ვერც გაიგო რაზე იყო საუბარი“.

„ჩვენ აბსოლუტურად შეცვალეთ პოლიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ჩვენ ვთქვით, რომ წინასწარ ჩვენ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. ჩვენ გვირჩევნია დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი მოგვიანებით“.

„უელსის სამიტი გაიმართება სექტემბრის თვეში. სამიტამდე მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთავრობის მეთაურმა უნდა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები და მოლოდინები გაუჩინოს მოსახლეობას. ეს არასწორი პოლიტიკაა. ჩვენ ამაში ყველანი ერთად დავრწმუნდით, რომ  არ შეიძლება, არასწორია, როცა წინასწარ ახდენენ მოსახლეობის დაძაბვას და მოსახლეობის ცრუ იმედების გაჩენას“, – განაცხადა მან.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული“, – განაგრძო პრემიერ-მინისტრმა, „ამაზე არავინ არ დავობს, ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ამას ადასტურებს. იგივე ქალბატონი კანცლერი. და თუ რა იქნება საბოლოო შედეგი, ამას უნდა დაველოდოთ სექტემბრის თვეში, როცა გაიმართება ნატოს სამიტი. ამის დრამატიზირება არ არის საჭირო ამ ეტაპზე“.    

როცა ჟურნალისტმა შეახსენა მას MAP-ის მოლოდინთან დაკავშირებით მისი წინამორბედის ბიძინა ივანიშვილის განცხადება და ასევე მის მიერ თებერვალში აშშ-ში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, ღარიბაშვილმა უპასუხა: „გასაგებია, რომ ველოდებით, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ. დაელოდეთ სამიტის შედეგებს და შემდეგ გახდება ცნობილი ყველასთვის, თუ რა შედეგი იქნება საბოლოო“.

მსგავსი/Related

Back to top button