skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის და ევროკომისიის შეხვედრა ბრიუსელში



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბოროზო ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში 22 მაისს. ფოტო: ევროკომისია

ევროკავშირი ამ ეტაპზე საქართველოს წევრობას ვერ შესთავაზებს, მაგრამ „ევროპული პერსპექტივა“ უნდა შესთავაზოს და ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ივნისში მოეწერება ხელი, იმის დასტური იქნება,  რომ საქართველო და ევროკავშირი „ხელიხელჩაკიდებულები არიან“, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ 21 მაისს ბრიუსელში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ღარიბაშვილი შვიდ ქართველ მინისტრთან ერთად ორდღიანი ვიზიტით ეწვია ბრიუსელს, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებმა და ევროკომიასიამ 21 მაისს შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა მაღალი რანგის ვიზიტების გაცვლის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის წინ, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი თბილისს გასულ კვირას სტუმრობდა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს 13 ივნისს ეწვევა.

ევროკომისიამ ანალოგიური შეხვედრები გამართა უკრაინის და მოლდოვას მთავრობებთან 13 მაისს და 15 მაისს, შესაბამისად.

ასევე 21 მაისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც თბილისი 19 მილიონ ევროს მიიღებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის. მაისის დასაწყისში ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონ ევრო გამოუყო „მეტი მეტისთვის“ პრინციპის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მეტ პროგრესს აღწევენ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

ევროკავშირმა ასევე პირობა დადო, რომ საქართველოს გაუზრდის ფინანსურ დახმარებას 2014–2017 წლებისთვის, რაც საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებულ განხორციელებაში დაეხმარება. 2007–2013 წლებში ევროკავშირის დახმარება საქართველოს მიმართ 450 მილიონ ევროს შეადგენდა.

ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას“ წარმოადგენს.

ბაროზომ განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება „გაამყარებს საქართველოს ევროპულ გზას, რადგანაც გვჯერა თქვენი ქვეყნის ევროპული  პერსპექტივის“.

როდესაც ბაროზოს ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე წევრობის შეთავაზება „შეუძლებელია“.

„მაგრამ ჩვენ იმდენად ახლოს ვართ, რამდენადაც შესაძლებელია“, – განაცხადა მან, „არა მგონია, რომ ჩვენ წინასწარი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ მომავალთან დაკავშირებით. მჯერა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს სურთ, რომ უფრო ახლოს იგრძნონ თავი ევროკავშირთან, ევროპული ცხოვრების სტილთან… პრემიერ–მინისტრმა [ღარიბაშვილმა] გვითხრა ძალიან მკაფიოდ: ‘ჩვენ გვინდა, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ევროკავშირთან’. ასე რომ მოდით ვიმუშაოთ ამისთვის. მოდით ახლა ნუ ვისაუბრებთ კონკრეტულ თარიღებზე ან კონკრეტულ მიზნებზე, არამედ მოდით შევთავაზოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს … ევროპული პერსპექტივა“.

„რა თქმა უნდა, ეს [ასოცირების შესახებ] შეთანხმება არ იქნება ბოლო ნიშანი ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა ბაროზომ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ თბილისში, როდესაც მან აღნიშნა 14 მაისს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება „არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი“.

თუმცა ევროკომისიას და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ამ საკითხთან დაკავშირებით წერია: „საქართველომ ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ არის საბოლოო მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობაში“.

ბაროზომ ასევე განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება „მომავალს ღიად ტოვებს“ და შემდგომი განვითარება იმ რეფორმებზე და პროგრესზე იქნება დამოკიდებული, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია“ განიცადა და მისი შემადგენლობა ბოლო ათწლეულის მანძილზე თითქმის გაორმაგდა 28 წევრამდე გაზრდით.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა ღიმილით, რომ საქართველო „ყველაფერს გააკეთებს“ იმისათვის, რომ ევროკავშირის 29–ე წევრი გახდეს.

‘პუტინი დაგვპირდა, რომ არ შეუშლის ხელს’ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას 

მოლდოვასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების მოახლოებული ხელმოწერის კონტექსტში რუსეთის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „ცალსახად“  განუცხადეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის იანვარში ბრიუსელს სტუმრობდა, რომ „ნუ შეუშლიდა ხელს“ მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ამზადებდა. ბაროზომ განაცხადა, რომ პუტინი „დაპირდა“, რომ ამას არ გააკეთებდა.

„ამრიგად, ველით, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულიად სცემს პატივს საქართველოს სუვერენულ უფლებას, რომ ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწიოს“, – განაცხადა ბაროზომ.

იმავე კითხვის საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანაირი გართულებების, ყველანაირი პრობლემების გარეშე მოვაწერთ ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უთხრა მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, რომ მოსკოვი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პროცესში.

რეფორმები და დემოკრატია

ევროკომისიის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი განცხადება, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, აღნიშნავს, რომ „ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების ისეთივე მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო“.

„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დემოკრატიულმა ოპოზიციამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოში დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.  

განცხადების თანახმად, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიერ „სასამართლო სისტემაში გატარებულ შორსგამიზნულ რეფორმებს“.

„ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ ამ რეფორმების დადებითი შედეგების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული კონტროლი“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები „სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებებში გამჭირვალობის და მიუკერძოებლობის საჭიროებაზე შეთანხმდნენ“.

განცხადება ასევე აღნიშნავს რელიგიური ტოლერანტობის და უმცირესობების უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას.

„ამ თვალსაზრისით, ევროკომისია მიესალმა  საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღებას. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ უკანასკნელის განხორციელებაში დახმარება შესთავაზა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია ევროკავშირში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის მისაღებად საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს წარმოადგენს.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სწრაფ პროგრესს უვიზო მიმოსვლის მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.

„საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მტკიცე პროგრესი აჩვენა და ის მზად არის მომდევნო თვეებში საჭირო რეფორმები დაასრულოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ერთობლივ განცხადებაში ევროკომისია მიესალმა საქართველოს მიერ „აქამდე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში და „მოუწოდა საქართველოს განაგრძოს რეფორმების განხორციელება ყველა იმ სფეროში, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან კავშირშია, მათ შორისაა ადამიანის უფლებები და მონაცემთა დაცვა“.

ევროკომისიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში დაგეგმილი მონაწილეობის გამო. ევროკავშირი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, როგორც „ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების გზაზე საქართველოს მტკიცე ერთგულების კონკრეტულ მაგალითს“.

მსგავსი/Related

Back to top button