skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის ფრეგატი ბათუმის პორტში შევიდა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ფრეგატი „ტეილორი“ 8 მაისს სამდღიანი ვიზიტით ბათუმის პორტში შევიდა.

„ტეილორის საქართველოში ყოფნა ხაზს უსვამს შეერთებული შტატების სურვილს, გააძლიეროს ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა და მათთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცებას“, – ნათქვამია თბილისში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, ფრეგატის პირადი შემადგენლობა, საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშომლებთან ერთად, ჩაატარებს წვრთნებს გემზე ასვლის, მისი ჩხრეკისა და დაკავების, აგრეთვე გემზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, კარიერული განვითარებისა და სამეთაურო ეთიკის საკითხებში.

ბოლოს ამერიკული ხომალდი საქართველოს 2013 წლის ნოემბერში სტუმრობდა, როდესაც აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney სამი დღით ეწვია ბათუმის პორტს და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარა.

ფრანგული ხომალდი Dupuy de Lôme აპრილის დასაწყისში სტუმრობდა ბათუმის პორტს.

ამერიკული ხომალდი "ტეილორი" უკვე მეორედ სტუმრობს საქართველოს; პირველად ფრეგატი  ფოთის პორტს  2008 წლის დეკემბერში ეწვია.

ამერიკურმა ფრეგატმა, რომელიც შავ ზღვაში გასული თვის ბოლოს დაბრუნდა, 6 მაისს ოთხ რუმინულ ხომალდთან ერთად ერთობლივი წვრთნები დაასრულა.

აშშ–ის მე–6 ფლოტმა განაცხადა პრესრელიზში, რომ ამერიკური „ტეილორის“ ერთობლივი წვრთნები რუმინულ ხომალდებთან „მიზნად ისახავდა საზღვაო შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ჩვენი ნატოს მოკავშირეების და პარტნიორების დარწმუნებას ჩვენს ერთგულებაში ალიანსის და მათი უსაფრთხოების მიმართ“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 7 მაისს თავის Tweeter-ზე დაწერა: „მოკავშირეების გემები, თვითმფრინავები, წვრთნები სიფხიზლეს და სიმტკიცეს იჩენენ ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვაგრძობთ ნატოს უსაფრთხოების გაძლიერებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button