აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი თბილისის სამიტზე პარტნიორობას ადასტურებენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული თბილისში 6 მაისს გამართულ სამმხრივ სამიტზე. ფოტო: თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტები, რომლებიც 6 მაისს თბილისში პირველი მაღალი დონის სამმხრივ სამიტზე შეიკრიბნენ, სამ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობას მიესალმნენ და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პირობა დადეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგები შთამბეჭდავია, რასაც, მისი თქმით, მთელი რეგიონისთვის დადებითი შედეგი მოაქვს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე გაუსვა ხაზი სამმხრივი თანამშრომლობის „შესანიშნავ შედეგებს“.
„ამ სამიტის მთავარი შედეგია ჩვენი სამმხრივი მეგობრობის დემონსტრირება, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა, „ეს თანამშრომლობა მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის“.
ალიევმა თავის თურქ და ქართველ კოლეგებს მომდევნო სამმხრივი სამიტის აზერბაიჯანში ჩატარება შესთავაზა.
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ასევე ისაუბრა სამ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და განაცხადა: „ჩვენ [კავკასიის] მაღალი მთები ვაქციეთ თანამშრომლობის კარიბჭედ და არა დაბრკოლებების კედლად“.
პრეზიდენტმა გიულმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით, სამიტზე ასევე იქნა განხილული უკრაინის კრიზისი; მან ასევე განაცხადა, რომ კრიზისი ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე.
ოფიციალური პირების თქმით, სამიტზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე, მათ შორის ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია და რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს საქართველოს გავლით დაუკავშირებს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზა სავარაუდოდ 2015 წლის ბოლომდე შევა ექსპლოატაციაში.
სამშაბათს საღამოს ვიზიტის დასრულებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა თავის ქართველ და თურქ კოლეგებთან; პრეზიდენტი ალიევი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა თავისი ვიზიტი, რომელიც 7 მაისამდე გასტანს, განაგრძო საქართველო–თურქეთის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობით. ფორუმში მონაწილეობა მიიღო თურქი ბიზნესმენების დიდმა ჯგუფმა, რომლებიც ენერგეტიკის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში მუშაობენ.
თავის გამოსვლაში ფორუმზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს „საიმედო მოკავშირე, სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აგრეთვე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
„კარგია, როცა ასეთი პარტნიორი და ძლიერი სახელმწიფო გყავს მეზობლად“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის საკუთარი მონაკვეთის მშენებლობა.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა პოლიტიკის და რეფორმების კოორდინირება უნდა მოახდინონ, რათა სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)