ახალი ამბები

პროკურატურამ ფარულ თვალთვალზე „რუსთავი 2“-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „რუსთავის 2“-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც ტელეკომპანიაში განხორციელებულ ფარულ თვალთვალს უკავშირდება, გამოძიება დაიწყო.

„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს აქტიური თანამშრომლობისკენ, რათა „უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“.

ამ განცხადებას, დაახლოებით სამი საათით უსწრებდა, "რუსთავი 2"-ში ჩატარებული ბრიფინგი, სადაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ ტელეკომპანიას ორი ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა – ერთი გვარამიას კაბინეტში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული, ხოლო მეორე –  მისი მოადგილის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის კაბინეტში. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ სათვალთვალო ტექნიკა თავად ვერ აღმოაჩინეს.  

„რუსთავი 2“-ის ოფისში, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, უკვე გამოცხადდნენ გამომძიებლები.

პროკურატურის ცნობით გამოძიება მიმდინარეობს კერძო „საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე“, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი განსაზღვრავს – ეს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული სამიდან ის ერთ-ერთი მუხლია, რომლითაც გათვალისწინებული სასჯელი პარლამენტმა გასულ კვირას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო გაამკაცრა. 

 

მსგავსი/Related

Back to top button