ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე სასულიერო პირის კომენტარს საჩივარი მოყვა

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე უფლებადამცველმა ჯგუფმა საჩივარი წარუდგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი მღვდლის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა კომენტარმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ,  კერძოდ კი სექსუალური უმცირესობების კონტექსტში დაარღვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი და მაუწყებლობის შესახებ კანონი.

19 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 2.5 საათის განმავლობაში პირდაპირი ჩართვა ჰქონდა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის გასაშუქებლად. რიტუალს კომენტარს უკეთებდა სიონის ტაძრის ორი მღვდელი. ერთ–ერთმა მათგანმა, დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა პირდაპირ ეთერში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ რა დროსაც მან დაგმო „ბილწი ურთიერთობები“ ერთსქესიანთა შორის და განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღონ, რადგანაც ის სექსუალურ უმცირესობებს „ჭარბ უფლებებს“ მიანიჭებს.

„კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ ე.წ. სექსუალური უმცირესობები უნდა გათანაბრდნენ ეროვნულ, რელიგიურ თუ სხვადასხვა უმცირესობებთან და ამ ე.წ. სექსუალურ უმცირესობებს, ანუ ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ ისინი იკავებდნენ თანამდებობებს ისეთ საკვანძო და მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორიცაა თუნდაც სკოლა და საბავშვო ბაღი. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ეკლესია თავის პოზიციას აფიქსირებს და ჩვენ დღეს მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის მომლოდინე მდგომარეობაში აქედან კიდევ ერთხელ შევახსენებთ და ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტარებს, რომ ამ კანონის ასეთი სახით მიღება არ უნდა მოხდეს; ეს იქნება შეურაცხყოფა იმ სწავლებისა და ტრადიციისა, რომელიც აქვს ამ ეკლესიას და რომელიც აქვს ამ ერს და ეს აუცილებლად გამოიწვევს შეხლა–შემოხლას ერში“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

„ჩვენ ვთხოვთ კანონმდებლებს, რომ ეს კანონი შესაბამისობაში მოიყვანონ ქართულ და ქრისტიანულ სინამდვილესთან. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ უმცირესობების უფლებების დაცვაზე  – და ეს მხოლოდ უფლებების დაცვა არ არის, ეს არის მათთვის ჭარბი უფლებების მიცემა – ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი შვილების იმ პედაგოგებთან ან იმ სკოლის დირექტორებთან მიბარება, რომლებიც ასეთი ცხოვრების წესით იცხოვრებენ, რომელზე დიდი სიბილწეც არ არსებობს სამყაროში – ეს ბიბლიაში წერია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რაც შეეხება ერთნაირი სქესის ადამიანების ერთად ყოფნას და ბილწ ურთიერთობას, არც ერთი სხვა ცოდვის გამო ისე არ დაუსჯია ადამიანი უფალს, როგორც ამ ცოდვების გამო დაისაჯნენ ადამიანები – გოგირდის და ცეცხლის წვიმით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება იმ სახით, როგორიც არის დღეს წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება საზოგადოებაში“.
 
„ამ ყველაფერს ყავს თავისი ინიციატორები და ეს ინიციატორები საქართველოში არ არიან, მის ფარგლებს გარეთ არიან, რომლებიც ფაქტიურად თავს გვახვევენ ამ კანონს. არავითარი ევროკავშირის და სხვა რომელიმე ორგანიზაციის პრინციპებით საკუთარი სარწმუნოების და საკუთარი ეროვნული ტრადიციების ნიველირება არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა დეკანოზმა ლასურაშვილმა.

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ერთ–ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში  ევროკავშირისგან  მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

საჩივარი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. მათ შორის არიან:  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იდენტობა, მედიის განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, კონსტიტუციის  42-ე მუხლი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და კავშირი „საფარი“.

მათი განცხადებით, დაირღვა მაუწყებლობის შესახებ კანონის მე–16 მუხლი, რომელიც ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, „უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ასევე დაირღვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მთელი რიგი დებულებები, მათ შორის ის პუნქტი, რომელიც მოუწოდებს მაუწყებელს არ გაუშვას ისეთი რამ, რამაც შეიძლება სხვადასხვა უმცირესობების მიმართ სიძულვილს და შეუწყნარებლობას შეუწყოს ხელი.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ წინასწარ გააცნოს მოწვეულ კომენტატორებს ქცევის კოდექსი და სტანდარტები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული, ასევე  მიზანშეწონილია, საზოგადოებრივმა არხმა შეიმუშავოს დამატებითი დეტალური რეგულაციები, რაც პირდაპირ ეთერში მსგავსი რისკების თავიდან აცილების ეფექტურ მექანიზმებს შექმნის .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button