ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არანაირი სამთავრობო ცვლილება ან სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გაუთავებელი სპეკულაციები“ იმის თაობაზე, რომ თითქოს რამდენიმე მინისტრი აპირებს გადადგომას, მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება ან სამთავრობო ცვლილებები, არის  „6%-იანი“ ნაციონალური მოძრაობის მიერ „აგორებული ჭორები“, რომელიც მოსახლეობაში „არასტაბილურობის განცდის“ გაჩენას ისახავს მიზნად. 
 
„რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას, რაღაც გადატრიალების მცდელობა და ა.შ.“, – მიმართა მან 23 აპრილს მთავრობის სხდომაზე მისი კაბინეტის მინისტრებს, „მე არა მგონია და ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენს გუნდში და თანაც ოთხი თუ ხუთი მოღალატე იყოს. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ზოგადად ეს ძალიან მარტივი  გასაგებია, სპეკულაციები რატომ მიმდინარეობს. მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობაში შეიტანონ  დაძაბულობა, გარკვეული არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და განწყობა გააუარესონ“.

მისი თქმით, მოსახლეობაში “ძალიან პოზიტიური“ განწყობაა.

„70%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს და ის რეფორმები,  ის კურსი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს კურსი, ეს გზა იქნება  ბოლომდე  მიყვანილი“, – განაცხადა მან.

„მე ამას გპირდებით მთელი ჩვენი გუნდის სახელით და პირადად მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არავითარი არც ცვლილება, არც გადაადგილება და არც სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა, „ეს არის მარტივი სპეკულაციები ნაციონალური მოძრაობის და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის ე.წ აგენტი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ჭორებს ძალიან მარტივად და პროფესიონალურად ავრცელებენ“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო მედიაში გავრცელებული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მისი წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს ყიდის და საქართველოდან მიდის.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არათუ მიდის, არამედ იგი საქართველოში დარჩა მაშინ, როცა ყველაზე რთული იყო, სახიფათო იყო, სარისკო იყო მისთვის დარჩენა ქვეყანაში, მაგრამ მან ეს გააკეთა. მან გადადო რეალურად სიცოცხლე და შეასრულა ის, რასაც ვერავინ შეასრულებდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ ერთად თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვაღიაროთ ყოველთვის დიდი პატივისცემით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ვინც არის გაქცეული ქვეყნიდან, ჩვენ ძალიან კარგად ვუყურებთ. ეს არის მათი ლიდერი, 6%-ანი პარტიის ლიდერი, ბატონი სააკაშვილი, რომელიც გუშინ რაღაცა საოცრებებს გადასცემდა სკაიპით. სკაიპით ძალიან დიდგულად გამოიყურება. მე მოვუწოდებ, ჩამობრძანდეს და აქედან ელაპარაკოს ხალხს იმ საშინელ დანაშაულებზე, რომელიც ცხრა წლის გამავლობაში ჩაიდინა მისმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა აშშ-დან იმ ვიდეოჩართვის შესახებ, რომელიც 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა თბილისში მისი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის ფარგლებში განახორციელა.

„საერთოდ მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში“, – განაგრძო ღარიბაშვილმა, „ალბათ, თვითონ დაწერს წიგნებს, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, როგორც კლავდნენ ქუჩებში და როგორ ართმევდნენ ბიზნესებს“.

მარტში ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა რამდენიმე საქმეზე, რომლებზეც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ექს–პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლაზე და დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა; შემდეგ პროკურატურამ მას ვიდეო ჩართვის გზით შესთავაზა დაკითხვა, თუმცა მან ამაზეც უარი განაცხადა. სააკაშვილმა გაიმეორა 22 აპრილს, რომ ის მხოლოდ სასამართლოს წინაშე და არა პროკურორების წინაშე დათანხმდება მოწმის სახით დაკითხვას სკაიპის მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეს საქმე სასამართლოს გადაეცემა განსახილველად.

 

მსგავსი/Related

Back to top button