skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა ‘ჯაშუშობისთვის’ დაპატიმრებული ქართველი გაათავისუფლა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში ხანგრძლივ სასჯელს იხდიდა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ  დღემდე რუსეთმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებულები.

ორი მათგანის გათავისუფლების შესახებ განცხადება თებერვალში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 16 აპრილს პრაღაში გამართული მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე მოქალაქის გათავისუფლებაც იგეგმებოდა პატიმრობიდან.

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 22 აპრილს წერს, რომ რუსეთის მიერ გათავისუფლებული საქართველოს მესამე მოქალაქე არის ზაზა ხერკელაძე, რომელიც 2008 წელს ვლადიკავკაზში დააკავეს და 2010 წლის მარტში 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს რუსეთის მიერ გათავისუფლებულ პირთა ვინაობის გამხელისგან. 

2013 წლის იანვარში საქართველომ ციხეებიდან 190 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც პარლამენტმა „პოლიტპატიმრებად“ ცნო. მათ შორის იყო რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებული, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე. მაშინ მოსკოვი მიესალმა მისი მოქალაქეების გათავისუფლებას.

მსგავსი/Related

Back to top button