ახალი ამბები

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 17 აპრილს 110 ხმით პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელშიც სავარაუდოდ კიდევ შევა ცვლილებები მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე. 

მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ, როგორც სუსტს, რადგან მასში არ არის ასახული ანტიდისკრიმინაციული ზომების განსახორციელებლად საჭირო ეფექტური მექანიზმები; მას ასევე აკრიტიკებენ კონსერვატიული და რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფები იმის გამო, რომ კანონპროექტში „სექსუალური ორიენტაცია“ არის ნახსენები დისკრიმინაციის მიზეზთა ჩამონათვალში. 

ამ კანონმდებლობის მიღება ერთ–ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში  ევროკავშირისგან  მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება რამდენიმე თვის წინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილი პროექტისაგან, რომლის მომზადებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ თავდაპირველი პროექტისგან განსხვავებით, შემოთავაზებული კანონპროექტიდან გამქრალია ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაჯარიმების შესაძლებლობას.

კანონპროექტი ასევე გააკრიტიკა, თუმცა სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო, ზოგიერთმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და რადიკალურმა მართლმადიდებლურმა ჯგუფმა. ისინი დაჟინებით მოითხოვენ  დისკრიმინაციის სხვადასხვა საფუძვლების ჩამონათვალიდან ამოღებული იყოს ტერმინი „სექსუალური ორიენტაცია“.

კანონპროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, "ან სხვა ნიშნის მიუხედავად."    

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის ლიდერობით შექმნილი არასაპარლამენტო ოპოზიციური კოალიციის თბილისის მერობის კანდიდატია და რომელიც კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებს ესწრებოდა ქუთაისში, განაცხადა, რომ თუ სექსუალური ორიენტაცია დარჩება სიაში, ეს იქნება "პირდაპირი დაკანონება უზნეობის აქტისა." ლორთქიფანიძე, როცა ის 2009 წელს ომბუდსმენის პოსტის დაკავებას ცდილობდა, ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციის საკითხს აყენებდა.

მართლმადიდებელმა მღვდელმა დავით ისაკაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა 15 და 16 აპრილს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს, განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს, რადგანაც, როგორც მან განაცხადა, ეს დოკუმენტი ჰომოსექსუალობის დაკანონებას გამოიწვევს.

„თუ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა იმისათვის, რომ ჩვენ ვიზები გვქონდეს ლიბერალური ევროპულ ქვეყნებთან, მაშინ გარწმუნებთ, რომ ჯობია არ გვქონდეს, ვიდრე ამან დაპირისპირება გამოიწვიოს  ადამიანთა შორის და ასეთი გადახრები, როგორიც არის მამათმავლობა, ნორმად ვაქციოთ“, – განაცხადა ისაკაძემ 16 აპრილის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენაზე.

დავით ისაკაძემ, რომელიც არ საუბრობდა საქართველოს საპატრიარქოს სახელით, საკომიტეტო მოსმენებზე განაცხადა, რომ ის წმინდა სინოდს მიმართავს, რათა „ანათემას გადასცეს“ ყველა ის პირი, ვინც ამ კანონპროექტის მიღებას შეუწყობს ხელს.

მაშინ როდესაც მთავრობამ მარტის ბოლოს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მოიწონა, იმავე დღეს პრემიერმა შესთავაზა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობს, განიხილოს ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ერთსქესიანთა ქორწინება უკვე აკრძალულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს როგორც „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“.

მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი შეიცავს ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც მისი არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის  2002 წელს ხელმოწერილ საკონსტიტუციო შეთანხმებასთან. 

17 აპრილს პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, ორმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გამოთქვეს მოსაზრება რომ კანონპროექტიდან დისკრიმინაციის საფუძველთა ჩამონათვალი საერთოდ იქნეს ამოღებული. პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრია, მიანიშნა, რომ ვინაიდან კანონპროექტის პირველ მუხლში წერია, რომ ამ კანონპროექტის მიზანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა“, აღარ არის საჭირო იმის სათითაოდ დაკონკრეტება, თუ რა საფუძვლები შეიძლება იყოს ეს. მისი ეს განცხადება ირიბად ეხმიანება იმ ჯგუფების მოთხოვნას, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ სიიდან „სექსუალური ორიენტაციის“ ამოღებას.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ, რომელმაც კანონპროექტი დეპუტატებს წარუდგინა, უპასუხა, რომ არსებობს „საერთაშორისო გამოცდილება“, რომლის მიხედვითაც ამ ტიპის დოკუმენტებში მსგავსი ჩამონათვალი ფიგურირებს.

თუმცა მანანა კობახიძემ კვლავაც გაიმეორა, რომ ვინაიდან კანონპროექტში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ის მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათი ჩამოთვლა აღარ არის საჭირო. კიდევ ერთი დეპუტატი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომელმაც მსგავსი მოსაზრება გამოთქვა იყო ზურაბ ტყემალაძე მრეწველთა პარტიიდან. როდესაც ტყემალაძემ ჰკითხა თადუმაძეს შესაძლებელია თუ არა სიის ამოღების საკითხის მეორე მოსმენის დროს განხილვა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა, რომ განხილვის საგანი შეიძლება გახდეს ამ სიის გაფართოება ან შემცირება.

ცვლილება, რომელიც სავარაუდოდ შევა კანონპროექტში მეორე მოსმენის დროს, არის იმ ნაწილის ამოღება, რომელშიც ჩამოთვლილია ის სფეროები, რომელზეც ეს კანონი ვრცელდება.

ამჟამად კანონპროექტში წერია, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე „ყველა სფეროში, მათ შორის როგორიცაა…“ და შემდეგ ჩამოთვლილია 20 სფეროს სია დაწყებული დასაქმებაზე ხელმისაწვდომობით და ჯანდაცვით და დამთავრებული თავდაცვით, სპორტითა და სკოლამდელი აღზრდით.

ყოფილი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, რომელიც ამჟამად ნინო ბურჯანაძის კოალიციაშია და რომელიც ასევე ესწრებოდა კანონპროექტის განხილვებს, იმეორებდა საკომიტეტო მოსმენების დროს, რომ კანონპროექტის ეს ნაწილი „სექსუალური ორიენტაციის“ ხსენებასთან ერთად, უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ, როგორც მან თქვა, „არაბუნებრივი სექსუალური ორიენტაციის“ პირები ბაღის მასწავლებლებად მუშაობდნენ.

17 აპრილს პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს, ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის გია ვოლსკი, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, ეკითხებოდა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, თუ რატომ იყო საჭირო, რომ სფეროების სია შეეტანათ კანონპროექტში მაშინ, როცა კანონპროექტში ისედაც იყო საუბარი იმაზე, რომ ის  „ყველა სფეროზე“ ვრცელდება. შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ სფეროების ჩამონათვალის კანონპროექტიდან ამოღება უკვე გადაწყვეტილია და ეს მეორე მოსმენით განხილვისას მოხდება.

ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კანონპროექტისადმი მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა. 

თავის გამოსვლაში ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო გოგუაძემ თავისუფალი დემოკრატებიდან ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და ზოგადად უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს უკლებლივ ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი სოციალური, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, რელიგიური აღმსარებლობისა, თუ ეთნიკური წარმომავლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტიკური შეხედულებისა“, – განაცხადა მან, „ჩვენ, კანონმდებლებს, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი… ყოველი ჩვენგანის და ნებისმიერ უმრავლესობის უფლებები დამყარებულია უმცირესობების უფლებებზე“.

მან განაცხადა, რომ „ქართული ტრადიციების საუკეთესო ნაწილი“ ეფუძნება სხვათა უფლებების და ღირსების პატივისცემას.

„სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული კულტურა და ამიტომაც არის იგი ევროპული. სწორედ ამ ღირებულებებს ვეყრდნობოდით ჩვენ, როცა წინასაარჩევნო პერიოდში [2012 წელს] ბევრი ჩვენგანი… ვამბობდით, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს დაპირისპირების ასპარეზად კი არ გადავაქცევთ, ჩვენს ოპონენტებს ისე კი არ მოვექცევით, როგორც ისინი შესაძლოა იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას საქართველო იმსახურებს. ხოდა საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფალი, ცივილიზებული ქვეყანა. და კიდევ, ჩვენ თავგანწირულად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ახლა თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ და თუ საჭირო გახდა, თავიდან ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, რომ საქართველოში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმპციის და კანონის გარდუვალობის პრინციპები, რომ ყველა ერთი იყოს კანონის წინაშე და არ მოხდეს ადამიანების დაყოფა, დახარისხება, დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, რომ თავისუფალ საქართველოში თავისუფალმა ადამიანებმა იცხოვრონ, თავისუფლებმა სხვადასხვა ფობიებისგან, შურისძიების გრძნობისგან“, – განაცხადა მან.

გოგუაძის გამოსვლას პარლამენტის სხდომაზე დამსწრე დეპუტატთაგან ბევრმა ტაში დაუკრა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ მხარი დაუჭირა შემოთავაზებულ კანონპროექტს, თუმცა აღნიშნა, რომ მას უფრო ეფექტური კანონმდებლობა ერჩივნა. 

„ეს კანონი საჭიროა საქართველოში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ეს საჭიროება განპირობებულია იმით, რომ საბჭოთა სივრციდან გამოსული ქვეყანა „დატვირთულია სტერეოტიპებით“.

„ყველანაირი დისკრიმინაცია, ყველანაირი სეგრეგაცია და ყველანაირი ჩაგვრა, რა თქმა უნდა, არის მუხრუჭი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჯერაც კიდევ არ აძლევს საშუალებას ბოლომდე თავისუფლად განვითარდეს. ეს, ამავე დროს, არის უსაფრთხოების საკითხიც იმიტომ, რომ ის ადამიანები, ჩვენი ქვეყნის გარეთ მათ შორის, რომელთაც უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ნამდვილი, ჭეშმარიტი, დასავლური, ევროპული ქვეყანა სწორედ იყენებენ ამ ფობიებს, ამ შიშებს, ამ სტერეოტიპებს და ამ ფობიების, შიშების, სტერეოტიპების, ზიზღისა და სიძულვილის ერთობლიობას არქმევენ რატომღაც ქართულ ტრადიციებს. სინამდვილეში ქართულ ტრადიციებს ამ ფობიებთან  არაფერი საერთო არ აქვს. ეს ფობიები, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილში გამჯდარია, არის ტიპიური რუსული, ტიპიური საბჭოთა, შავრაზმული მიმართულებები“, – განაცხადა მან.

გაბაშვილის თქმით, ამ სტერეოტიპების ხელშეწყობით რუსეთი ცდილობს დაასუსტოს საქართველოს პროევროპული კურსი.

კანონპროექტის თანახმად, თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს სახალხო დამცველს.

კანონპროექტის თანახმად, საჩივრები დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევების თაობაზე სახალხო დამცველის აპარატს უნდა წარედგინოს.  სახალხო დამცველის აპარატს ასევე ექნება უფლება თავისი ინიციატივით განიხილოს ამგვარი შემთხვევები და არ დაელოდოს საჩივრის შესვლას. კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა პირველ რიგში შუამავლის როლი უნდა ითამაშოს მხარეებს შორის, რათა სასამართლოს ჩართვის გარეშე მიაღწიოს მოგვარებას; თუ ამგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ სახალხო დამცველის აპარატმა „რეკომენდაცია“ უნდა გაუგზავნოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თაობაზე; თუ ეს რეკომენდაციაც არ შესრულდება, კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს შეუძლია საქმე სასამართლოს გადასცეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც დისკირიმინაციის ჩამდენი „ადმინისტრაციული ორგანოა“ და არა ინდივიდუალური პირი.  

17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი მიესალმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებას, მაგრამ განაცხადა, რომ მის შესრულებას დამატებითი დაფინანსება დასჭირდება, რათა გაზრდილ უფლებამოსილებებთან ეფექტურად მოხდეს გამკლავება.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება ექნება სასამართლოში მოითხოვოს კომპენსაცია, როგორც ფულადი, ისე არაფულადი. თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დისკრიმინაციულ ქმედებას ხშირად არ მოჰყვება რაიმე მატერიალური ხასიათის ზიანი, ხოლო მორალური ზიანის, მტკიცება პრაქტიკაში გართულებულია.

შემოთავაზებული კანონპროექტისგან განსხვავებით, თავდაპირველი ვერსია, სანამ მასში მთავრობა ცვლილებებს შეიტანდა, ითვალისწინებდა ფინანსურ ჯარიმებს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევისთვის (კერძო პირის შემთხვევაში 100–500 ლარის და იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 – 2500 ლარის ოდენობით).

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს საკომიტეტო მოსმენების დროს, რომ ამ ტიპის სანქციების და ანტიდისკრიმინაციული ზომების ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ელემენტების გარეშე, ახალ კანონმდებლობას მცირე ან არავითარი ეფექტი არ ექნება. 

ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, „საფარის“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე 16 აპრილს, რომ ეფექტური განხორციელების მექანიზმის გარეშე, კანონპროექტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთავრობას ის მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის სჭირდება, რომ მან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა, და არა პრობლემის რეალურად მოგვარებისთვის.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ ქართული ოცნებიდან განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება „არ არის ვინმესთვის გადასახდელი „ხარკი“, არამედ ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებზეც „დგას ჩვენი საზოგადოება“.

 „მიუხედევად იმისა, რომ რეფორმის დასაწყისში ყოველთვის არსებობს საუბარი იმაზე, რომ კანონი სათანადოდ ვერ ასახავს ამა თუ იმ  უფლების რეალიზაციის გზას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვაღიარებთ და ჩვენ ვიწყებთ დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობას, მაგრამ შემდეგ, იმედი მაქვს, რომ იმპლემენტაციის პროცესში ჩვენ ვიზრუნებთ ამ კანონის დახვეწაზე და ქმედითი და ეფექტური მექანიზმების შექმნაზე იმისათვის, რომ უმცირესობების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა კორძაიამ 17 აპრილს პარლამენტის სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button