skip to content
ახალი ამბები

თბილისი ქართველი ჟურნალისტების დაკავებაზე მოსკოვის განცხადების გამო „შეშფოთებას“ გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული  და შემაშფოთებელია რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, რომელიც ეხება 15 აპრილს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფის დაკავების  ფაქტს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამი ადამიანისგან შემდგარი სატელევიზიო გადამღები ჯგუფი „დემონსტრაციულად“ შევიდა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, რაც „პროვოკაცია“ იყო პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ. სამინისტროს განცხადების ეს პოსტულატები გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლის პირველი მონაკვეთიც იმ ძალისხმევას აღწერს, რომელსაც თბილისი ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით ახორციელებს.

„საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყანაში ვითარების დაძაბვა. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. ყოველივე ეს დასტურდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით“, – აცხადებს საქართველოს დიპლომატიური უწყება 16 აპრილს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავების ფაქტს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას,  უპირველესად კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებას“.

მსგავსი/Related

Back to top button