ახალი ამბები

აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა მომავალ კვირას პრაღაში იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 16 აპრილს გაიმართება მას შემდეგ, რაც ის მარტში ორჯერ გადაიდო

„შეხვედრის დროს გაანალიზდება მიღწეული პოზიტიური შედეგები ვაჭრობის, ტრანსპორტის სფეროში, ჰუმანიტარულ ურთიერთქმედებაში და ასევე განიხილება ორმხრივი დიალოგის შემდგომი პერსპექტივები“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 11 აპრილს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

ორ ქვეყანას შორის დიალოგის ამ ფორმატში, რომელსაც 2012 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრა რიგით მეექვსე იქნება.

„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ ამ ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ ბევრ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხს. ასეთი საკითხები მრავლად დაგროვდა“, – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ 10 აპრილს ჟურნალისტებს კარასინთან მოსალოდნელი შეხვედრის კომენტირებისას.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთთან დასავლეთის კონფრონტაციის ფონზე მოსკოვთან დიალოგის განახლება არამიზანშეწონილია.

„შეხვედრა რუსეთთან იქნება პოტენციურად საშიში, ვინაიდან ჩვენ შეიძლება ავცდეთ იმ ძირითად ხაზს, რასაც ატარებენ ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

 

მსგავსი/Related

Back to top button