ახალი ამბები

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულები წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 25 წლის წინ 9 აპრილს დაღუპული გმირები სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით დააჯილდოვა.

ორდენები გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიაზე გადასცა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიკვდილის შემდეგ დავაჯილდოვოთ თქვენი ოჯახის წევრები და აღვნიშნოთ არა მხოლოდ მათი ღვაწლი, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორც აწმყოს, ისე მომავალს, რომ ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლითა და თავგანწირვით შეძლეს ამ მაღალი იდეალის – თავისუფლების დაცვა და თავისუფლება მოუტანეს საკუთარ თანამემამულეებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

21 ადამიანი ემსხვერპლა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის  საბჭოთა ჯარის მიერ დარბევას. ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ტრადიციულად პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას რუსთაველის გამზირზე  მისვლით და 9 აპრილის მემორიალის შემკობით.

მსგავსი/Related

Back to top button