ახალი ამბები

საგარეო უწყება აღმოსავლეთ პარტნიორებთან ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებების ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხია და ის „უნდა განხორციელდეს მესამე მხარის ჩარევის გარეშე“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.  

ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვაზე, თუ როგორია თბილისის პოზიცია საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შემოთავაზებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ civil.ge-ს უპასუხა: „საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანა მუდმივად იმყოფება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების ლიდერების პოლიტიკურ დღის წესრიგში.  აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია. ევროკავშირი, თავის მხრივ, ითვალისწინებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებულ რეალობას და განსაკუთრებით, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აცნობიერებს საკუთარი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას“.  

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხია და უნდა განხორციელდეს მესამე მხარის ჩარევის გარეშე.  არცერთ მესამე ქვეყანას აქვს უფლება გავლენა მოახდინოს სუვერენული ქვეყნის მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანზე”, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

„ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოა, რომლის  ხელმოწერა მხარეთა შეთანხმებით, იგეგმება არაუგვიანეს ივნისისა. ევროკავშირი და საქართველო ატარებენ ტექნიკურ შიდა პროცედურებს შეთანხმების ხელმოწერისთვის მოსამზადებლად და შესაბამისად, „ვაიმარის სამკუთხედის ინიციატივა“ არ უნდა იქნას აღქმული ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან კავშირში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მიესალმება რუსეთ-ევროკავშირის უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში, ევროკავშირის მხრიდან მოსკოვისთვის მისი ვალდებულებების შეხსენების ფაქტს. 

„რუსეთთან დიალოგისას ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ევროკავშირი სრულად აცნობიერებს, რომ გააჩნია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ვალდებულებები რეგიონში და საქართველოში და ეძებს გზებს პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არა მხოლოდ შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების ევროპული პერსპექტივის აღიარება, არამედ ეფექტიანად დაიცვას აღნიშნული პერსპექტივა“, – აღნიშნა წერილში საქართველოს საგარეო უწყებამ.

მსგავსი/Related

Back to top button