ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის თქმით, სააკაშვილი მზადაა სკაიპით ჩვენება მისცეს სასამართლოს და არა პროკურატურას

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოწმის სახით  ჩვენება მისცეს არა პროკურორებს, არამედ სასამართლოს ვიდეო ჩართვის გზით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საქმე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას მისი დაკითხვა სურს, სასამართლოს გადაეცემა განსახილველად, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა  გიგი უგულავამ. 

მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 28 მარტს განუცხადა, რომ იგი ამ წინადადებას სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აჟღერებს. 

უგულავამ განაცხადა, რომ თუ რომელიმე საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება და თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს, ყოფილი პრეზიდენტი სკაიპის მეშვეობით მისცემს ჩვენებას.

უგულავამ განაცხადა, რომ სასამართლოში ამ გზით დაკითხვა  მინიმუმამდე შეამცირებს ხელისუფლებიდან მომდინარე რისკებს, რომელსაც, მისი თქმით, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური განადგურება სურს. უგულავამ ასევე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პროკურატურას რეპრესიების იარაღად იყენებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ „არ იქნება გამართლებული“ პოზიცია, როცა საუბარია პროკურატურის გვერდის ავლით მოწმის ჩვენების პირდაპირ სასამართლოში მიცემაზე, ვინაიდან მისი თქმით, პროკურატურას მოწმის ჩვენება გამოძიების ეტაპზე იმისთვის ჭირდება, რომ დაასრულოს ყველა საგამოძიებო პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ გადააგზავნოს საქმე სასამართლოში.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სააკაშვილი გასულ კვირას რამდენიმე საქმეზე მოწმის სახით დაიბარა დაკითხვაზე, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს „ივანიშვილი–პუტინის თამაშის“ ნაწილია და ის არ აპირებს, რომ პუტინის ოცნებები აასრულოს თბილისში დაკითხვაზე ჩამოსვლით.

27 მარტს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ის ექს–პრეზიდენტს სკაიპით დაკითხვას სთავაზობს და მისი თბილისში ჩამოსვლა დაკითხვაზე საჭირო აღარ იქნება. იმავე დღეს კიევიდან სააკაშვილმა უარით უპასუხა ამ შეთავაზებას და განაცხადა, რომ ამ პროცესს „არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა“ და მას „სისულეებზე“ დასახარჯი დრო არ აქვს.

მეორე უარის შემდეგ, პროკურატურას ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია განცხადება, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს გეგმავს სააკაშვილისგან ჩვენების მისაღებად. 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 28 მარტს, რომ სკაიპით დაკითხვაზე სააკაშვილის უარი ცხადყოფს, რომ ექს–პრეზიდენტი „ძალიან შეშინებულია“ და „გაურბის მძიმე კითხვებს“.

„ამგვარი ქმედებით ის კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს – არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების და მსოფლიო საზოგადოების ეჭვებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 28 მარტს და დასძინა, რომ სააკაშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავისი უარით „სააკაშვილმა იგნორი გაუკეთა და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს“. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის უარი სკაიპით დაკითხვაზე „სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა“.

„ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო, როდესაც ასე აგდებულად უპასუხა სააკაშვილმა პროკურატურის ამ თხოვნას“, – განაცხადა მარგველაშვილთან „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში 28 მარტს.

მსგავსი/Related

Back to top button