ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის რეაქცია სააკაშვილის მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ლიდერის და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სტატუსით პროკურატურაში დასაკითხად დაბარება არის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის უკანაც რუსეთი დგას.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტს ურჩევს არ ჩამოვიდეს საქართველოში  და არ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში, სადაც ის 27 მარტისთვის არის დაბარებული. 

„პროკურატურა არის ბრმა პოლიტიკური იარაღი, შტეფსელში უინსტრუქციოდ შეერთებული იარაღი ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელში“, – განაცხადა უგულავამ, „ამასთანავე, ჩემი აზრია და მე ასე ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს არ ვიტყვი სიტყვა გამოძიებასთან იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს ოცდაათ საქმეზე იბარებენ, ეს აღარ არის უკვე გამოძიება. არ უნდა ქნას და არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევალთ ამ სპირალში, ქვეყანა მართლაც მივა სამოქალაქო დაპირისპირებისა და კონფრონტაციისკენ, რამაც ქვეყანას შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს. ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი – შიზოფრენიკი ივანიშვილი“.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ორი დღის თავზე  ნათელი გახდა, თუ „რა უნდოდა ივანიშვილს და რა უნდოდა ღარიბაშვილს“, როცა პროკურატურა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების პროცესში გააქტიურდა – ეს ერთ-ერთი საქმეა იმ ათი საქმიდან, რომლებზეც ექს-პრეზიდენტი მოწმის სახით დასაკითხად არის დაბარებული. 

„ეს ხომ ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომელიც დიდი ხნის წინ არის დეკლარირებული, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის განადგურება“, – განაცხადა გაბაშვილმა, „და უფრო მეტთან გვაქვს აქ საქმე – ეს არის მცდელობა საქართველოში ძალიან დიდი სამოქალაქო მღელვარების და დაპირისპირების პროვოცირებისა და  ინიცირებისა, ეს არის მცდელობა ბრმად შესრულება ყველა იმ სურვილისა, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნია ვლადიმერ პუტინს, ეს არის მცდელობა საფრთხის ქვეშ დაყენებისა საქართველოს ევროინტეგარციის პროცესის, ეს არის სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ძალიან ნათელი ნიმუში“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „პირდაპირ პუტინის დაკვეთას“ ასრულებს.

„ეს არის მართლა ძალიან საშიში იმიტომ, რომ  ალბათ იქამდე მივლენ, რომ ამას ევროპელი ლიდერებიც აცხადებდნენ აქამდე, რომ თუ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაშინ ევროპას ერთადერთი სალაპარაკო საქართველოსთან ექნება სწორედ ეს საკითხი და არა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ზაფხულში ხელი უნდა მოეწეროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.  

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძემ გაავლო რა პარალელები უკრაინის მოვლენებთან, განაცხადა, სააკაშვილის პროკურატურაში გამოძახება „ავნებს“ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ირჩევს არა ევროპასთან ინტეგრაციის, არამდე „თვითიზოლაციის“  გზას.

„ეს არის პირდაპირი მცდელობა იმის, რომ ჩვენ კი არ ვთქვათ უარი ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ უარი გვითხრას ევროპამ ზოგადად ჩვენს ინტეგრაციაზე ნატოში, ევროკავშირში, ეს გადავადდეს ან საერთოდ უარი ითქვას ამ პროცესებზე… ეს ფაქტობრივად არის ზუსტად იგივე სცენარი, რაც იყო უკრაინაში“, – განაცხადა მან.

 

მსგავსი/Related

Back to top button