
RMG–ს საყდრისში ოქროს მოპოვების დაწყების უფლება მისცეს
საქართველოს კულტურის სამინისტრომ ოქროს მომპოვებელ კომპანიას RMG–ს საყდრისი–ყაჩაღიანის უბნიდან ოქროს მოპოვების უფლება მისცა მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი არქეოლოგი ამ ადგილს მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნევს.
14 მარტს გადაწყვეტილების გამოცხადებისას კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ საყდრისი მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროა „მითია“.
„საყდრისი–ყაჩაღიანის უბანზე უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მითებზე დაყრდნობით 3000 ოჯახს შევუქმნათ მატერიალური პრობლემები, დავტოვოთ ულუკმაპუროდ“, – განაცხადა მარგიშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა RMG–ის განცხადებები, რომ ის იძულებული გახდება შეაჩეროს საქმიანობა და მისი 3 000 თანამშრომელი უმუშევარი დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მას არ მისცემენ უფლებას, რომ საყდრისში ღია კარიერული წესით მოიპოვოს ოქრო.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვარაუდი იმის შესახებ, რომ საყდრისი წარმოადგენს ოქროს უძველეს მაღაროს, არ დასტურდება; 13 მარტს თსუ–ს სტუდენტებთან ამ საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა ძირითადად ეკონომიკურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ RMG–იმ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში და კომპანიის საქმიანობის შეჩერება 3 000 ადამიანს უმუშევრად დატოვებს.
ივარაუდა რა, რომ პრემიერ–მინისტრის ეს განცხადება უბიძგებდა მთავრობას კომპანიისთვის საქმიანობის უფლება მიეცა, არქეოლოგების და მკვლევარების ჯგუფმა 14 მარტს პრესკონფერენცია მოიწვია, ვიდრე სამინისტრო თავის გადაწყვეტილებას გაახმოვანებდა.
„ჩვენ, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და პირები არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ კომენტარს კულტურულ მემკვიდრეობასთან, კერძოდ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით. უდიდესი უსამართლობაა, 9-წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და იმ ფართო საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა, რაც არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის მიმართ“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ქართველი და გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა უბნის კვლევა 2004 წელს დაიწყო გერმანული Volkswagen Foundation–ის დაფინანსებით. არქეოლოგების თქმით, იქ ნაპოვნი არტეფაქტები აჩვენებენ, რომ მაღალო ჩვენს წელთააღრიცხვამდე მესამე ათასწლეულით თარიღდება და ზოგიერთი ნიმუშები კი სავარაუდოდ მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით, რაც იმის დასტურია, რომ საყდრისი მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ოქროს მაღაროა.
საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში გერმანიის არქეოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა შარშან, რომ საყდრისში ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების შემთხვევაში, „არა მარტო საქართველო, არამედ ევროპაც დაკარგავს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრეისტორიულ მომპოვებელ უბანს სამუდამოდ“.
კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა განაცხადა, რომ საყდრისის არქეოლოგიური უბნის განადგურება „დანაშაულის“ ტოლფასი იქნება. მიზანდარი პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა 10 თებერვალს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის მოტივით. მიზანდარმა განაცხადა, რომ ის ძირითადად საყდრისთან დაკავშირებული დავის გამო გაათავისუფლეს. ორი კვირის თავზე ასევე გამოიცვალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა 14 მარტს, რომ ამ პოსტზე მისი დანიშვნის შემდეგ სააგენტომ კიდევ ერთხელ მიმოიხილა ყველა არსებული დოკუმენტი საყრდრისთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ უბანი არ წარმოადგენს უძველეს ოქროს მაღაროს.
კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ ნებართვა საყდრისი–ყაჩაღიანის უბანზე ოქროს მოპოვების სამუშაოების დაწყებაზე იმ პირობით გაიცა, რომ საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება.
კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია არ ესწრებოდა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, რადგანაც ის ერთი თვით შვებულებაში იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)