
ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვი
დე ფაქტო სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ზოგადი მონაცემები
- ანატოლი ბიბილოვი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს ქ. ცხინვალში.
- დაამთავრა სპეციალური სკოლა-ინტერნატი, სადაც სწავლობდა რუსულ ენას და გადიოდა გაძლიერებულ სამხედრო-ფიზიკურ მომზადებას. სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, გახდა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის კურსანტი.
- სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1992 წლიდან, მსახურობდა ფსკოვის 76-ე სადესანტო დივიზიაში.
- ანატოლი ბიბილოვს ყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
სამხედრო-პოლიტიკური კარიერა
- 1992-1994 წლებში ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების კონტინგენტში.
- 1994 წელს სამუშაოდ გადავიდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, სადაც 1996 წლამდე სპეციალური დანიშნულების ასეულს მეთაურობდა.
- 1996-1998 წლებში ანატოლი ბიბილოვი ცხოვრობდა კიევში, ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას.
- 1998-2008 წლებში მსახურობდა შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილო-ოსურ ბატალიონში.
- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამავე ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.
- 2008 წლის 31 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ანატოლი ბიბილოვი სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად დანიშნა.
- 2011 წლის ნოემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო პარტია „ერთობამ“ ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა.
- ბიბილოვს ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც, რომელიც 2011 წლის 21 ნოემბერს ბიბილოვს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში შეხვდა.
- ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 40% აიღო და ოპოზიციის კანდიდატთან ალა ჯიოევასთან დამარცხდა. თუმცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ალა ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალა, რასაც ცხინვალში ჯიოევას მხარდამჭერდა საპროტესტო აქციები მოყვა.
- 2012 წლის 6 თებერვალს, განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე ბიბილოვმა თავადაც უარი განაცხადა.
- ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა იგი მთავრობის შემადგენლობაში დატოვა და კვლავ საგანგებო მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
- 2012 წლის ივლისში ბიბილოვმა პარტია „ერთობის“ რიგები დატოვა და ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ოსეთი“ ჩამოაყალიბა.
- ბიბილოვის პარტია ღიად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „ორი ოსეთის“ გაერთიანებას და 2014 წლის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება.
დამატებითი ინფორმაცია
- ანატოლი ბიბილოვი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
- არის გენერალ-მაიორი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
- იგი ხელმძღვანელობს რუსეთის საჰაერო-სადესანტო და სპეცდანიშნულების ჯარების ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სამხრეთ ოსეთის განყოფილებას.
- ანატოლი ბიბილოვის მეგობრად მოიხსენიებენ ინგუშეთის პრეზიდენტს იუნუს-ბეკ ევკუროვს, რომელმაც 1989 წელს იგივე რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი დაამთავრა.
- 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსულენოვან პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ანატოლი ბიბილოვის კრიმინალური წარსულისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ. კერძოდ, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მას იარაღით ვაჭრობაში დასდეს ბრალი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ცხოვრების დროს ბიბილოვი აქტიურად იყო ჩართული კონტრაბანდასა და რეკეტში, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოაწყო უკრაინაში ჩეჩნური დიასპორის ლიდერების მკვლელობა. ბიბილოვის საარჩევნო შტაბმა აღნიშნული ბრალდებები უარყო და კონკურენტების მიერ გავრცელებული „შავ პიარი“ უწოდა.