ახალი ამბები

პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი რუსეთის მიერ თბილისის კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „პროვოკაცია“ უწოდა 6 მარტს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს რუსული საფრენი აპარატების მიერ თბილისის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას და განაცხადა, რომ თბილისი ამ პროვოკაციას არ წამოეგება და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით უპასუხებს.  

„ეს არის დარღვევა სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცის, ეს არის დარღვევა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, რომლის ფორმითაც, ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ფედერაციასთან“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს 7 მარტს.

ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შუადღისას რუსულმა  სამხედრო ვერტმფრენმა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გადაუფრინა ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ქართულ სოფლებში განთავსებულ პოლიციის საგუშაგოებს, ხოლო საღამოს იგივე ქმედება უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით რუსეთმა აფხაზეთის მიმართულებაზე განახორციელა. 

„მე აღვიქვამ ამას, როგორც პროვოკაციას“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „არის რთული ვითარება რეგიონში მთლიანად და ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილად, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას. ასეთ ნაბიჯებს ჩვენ ვპასუხობთ კოორდინირებული მუშაობით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „იმ მოცემულ მომენტში“ არანაირი დამატებითი საფრთხე რუსული საფრენი აპარატების გადაფრენას, რომლის მსგავსიცდაახლოებით ათასამდეა დაფიქსირებული, მისი ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოებისთვის არ შეუქმნია.

„მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის არის შესაბამისი სცენარი მზადყოფნის გამოცხადებული“, – განუცხადა ალასანიამ 7 მარტს ჟურნალისტებს.

„ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმიტომ, რომ 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამითი არაფერი არ შეცვლილა“, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button