ახალი ამბები

მარგველაშვილი: „სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ახალ იმპულსს შესძენს ევროინტეგრაციის პროცესს“

მიესალმა რა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 მარტს განაცხადა, რომ „სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ახალ იმპულსს შესძენს ევროინტეგრაციის პროცესს და არსებითად გაამდიდრებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას“.

ილია მეორემ 4 მარტს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „უმნიშვნელოვანესი“ უწოდა, განაცხადა, რომ ეკლესია „ყველაფერს გააკეთებს“ იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ფასეულობებია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ამ მარადიულ, უზენაეს ღირებულებათა სადარაჯოზე იდგა.  ეს ფასეულობები ათასწლეულების განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აყალიბებდა ჩვენს უძველეს და უნიკალურ კულტურას. მათ დაეფუძნება საქართველოს შემდგომი განვითარებაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა 5 მარტს თავის წერილობით განცხადებაში.

პრეზიდენტი მიესალმა შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც 4 მარტს შედგა.  
   
„მასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თანმიმდევრულად აფართოებს თანამშრომლობას, რაც ახლო მომავალში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საბოლოოდ კი  ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button