ახალი ამბები

ახსარ ლავოევი

დე ფაქტო შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ზოგადი ინფორმაცია

  • ახსარ ლავოევი დაიბადა 1968 წლის 25 აპრილს ქ. ცხინვალში.
  • 1985 წელს, ცხინვალის #11-ე საშუალოს სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
  • სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.
  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პროფესიული კარიერა

  • 1990-92 წლებში ახსარ ლავოევი მუშაობდა ცხინვალში, თავისუფალი ჭიდაობის ტრენერად.
  • 1992 წელს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. „ომონის“ ოცმეთაური გახდა.
  • 1993 წელს იყო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის მეთაურის მოადგილე.
  • 1994 წლიდან ლავოევი ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურში მუშაობდა.
  • 2000 წელს სამხრეთ ოსეთის პირველმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმა იგი მთავარი საბაჟო სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
  • ამ პერიოდში ახსარ ლავოევი ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟის, ალექსეი ჩიბიროვის გარემოცვის წევრად განიხილებოდა, რომელიც, თავის მხრივ, ჯერ სამხრეთ ოსეთის „ომონის“ მეთაურის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის უფროსის მოადგილე.
  • 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითთან ჩიბიროვის დამარცხების შემდეგ, ლავოევმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა და კვლავ ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, სადაც 2002 წელს მუშაობა დაიწყო სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მოადგილედ.
  • 2003 წელს ახსარ ლავოევი ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის კინოლოგიურ განყოფილებაში მთავარ საბაჟო ინსპექტორად მუშაობდა. ამავე პერიოდში პრესა მას „ვლადიკავკაზელ ბიზნესმენად“ მოიხსენიებს.
  • 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ახსარ ლავოევმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ლეონიდ თიბილოვის კანდიდატურას. იგი აქტიურად აფინანსებდა მის საარჩევნო კამპანიას სოსლან გატიკოევთან ერთად, რომელიც ლუდვიგ ჩიბიროვის მთავრობაში თავდაცვის მინისტრი იყო (ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს).
  • 2012 წელს 22 მაისს ლეონიდ თიბილოვმა ახსარ ლავოევი სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.
  • 2012 წლის 24 ივლისს კი ის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
  • 2014 წლის იანვარში დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და ლავოევი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, თუმცა 8 აპრილს ის იმავე თანამდებობაზე დაინიშნა, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დომენტი კულუმბეგოვმა დაიკავა.

დამატებითი ინფორმაცია

  • ახსარ ლავოევის სახელს ცხინვალში არაერთ ინციდენტს უკავშირებენ. პრესა მას ლეონიდ თიბილოვის მთავარ საყრდენადაც მოიხსენიებს.
  • გვარცელებული ინფორმაციის თანახმად, ახსარ ლავოევი იმ სამშენებლო კომპანიების ინტერესებს იცავს, რომლებიც ქ. ცხინვალის რეაბილიტაციას ახორციელებენ. აღნიშნულ ნიადაგზე, 2013 წლის მარტში, მან საჯაროდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ქ. ცხინვალის მერის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ გაბარაევს. გაბარაევმა ჟურნალისტებთან საუბარში შს მინისტრის მხრიდან მისი ცემის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ლავოევი მისგან სამშენებლო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის შეწყვეტას მოითხოვდა. მან მომხდარზე დე ფაქტო პრეზიდენტთან, ლეონიდ თიბილოვთანაც ისაუბრა, რომელიც გაბარაევს მომხდარზე რეაგირებას დაპირდა. თუმცა ფიზიკური დაპირისპირებიდან მალევე, ლეონიდ თიბილოვმა ვადიმ გაბარაევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო მერის მოვალეობის შემსრულებლად ალან ალბოროვი დანიშნა, რომელიც ახსარ ლავოევის გარემოცვიდანაა.
Back to top button