
ახალი ამბები
ალა ჯიოევა
დე ფაქტო ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი
ზოგადი მონაცემები
- ალა ჯიოევა დაიბადა 1949 წლის 23 აგვისტოს ქ. ცხინვალში.
- ადგილობრივი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967 წელს, ალა ჯიოევა „სამხრეთ ოსეთის“ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწავლა განაგრძო ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს დაამთავრა.
- 1976 წლიდან ალა ჯიოევა მუშაობდა ცხინვალის #2-ე საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგად, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2000-2002 წლებში იგი ამავე სკოლის დირექტორი იყო.
- ალა ჯიოევას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პოლიტიკური კარიერა
- ალა ჯიოევას პოლიტიკური კარიერა 2001 წლიდან იწყება, როდესაც მან დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი საჯაროდ დაუჭირა ედუარდ კოკოითის კანდიდატურას.
- კოკოითის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალა ჯიოევა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრად დაინიშნა და ეს თანამდებობა მას 2008 წლამდე ეკავა.
- 2008 წლის 4 თებერვალს ჯიოევა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო 5 თებერვალს პროკურატურამ მის წინააღმდეგ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თაღლითობისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
- პროკურატურის მტკიცებით, ალა ჯიოევამ რუსეთის ფედერაციის ქ. პიატიგორსკში ფასდაკლებით შეძენილი წიგნები „სამხრეთ ოსეთში“ ძვირად გაყიდა და ამ გზით 22 ათასი რუბლის ფინანსური სარგებელი მიიღო. თავად ჯიოევამ ეს პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და მისი მხრიდან ედუარდ კოკოითის საქმიანობის კრიტიკას დაუკავშირა.
- 2008 წლის 28 მარტს ჯიოევას 2 წლიანი შიდა პატიმრობა მიესაჯა. 2010 წლის 29 აპრილს კი სასამართლომ მას 2 წლითა და 2 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
- 2011 წლიდან ჯიოევამ ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკური კამპანია წამოიწყო. სისტემატურად მართავდა შეხვედრებს მოსკოვსა და ვლადიკავკაზში და რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.
- 2011 წლის 7 სექტემბერს ოპოზიციურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ედუარდ კოკოითის დაცვის სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ირბეკ ბეტეევის მიმართვა, რომელიც აცხადებდა, რომ კოკოითიმ მას ოპოზიციონერების, ალა ჯიოევას და ჯამბულატ თედეევის მკვლელობა დაავალა.
- 2011 წლის 10 ოქტომბერს ჯიოევა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. მალევე მისი საჯარო მხარდაჭრა დააფიქსირეს გავლენიანმა ოპოზიციურმა ფიგურებმა – ჯამბულატ თედეევმა, ყოფილმა დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა აზა ხაბალოვამ და დე ფაქტო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანატოლი ბარანკევიჩმა.
- 2011 წლის 13 ნოემბერს გამართულ დე ფაქტო არჩევნებში ალა ჯიოევამ ხმების 24.8% მიიღო და არჩევნების მეორე ტურში გავიდა, სადაც 2011 წლის 27 ნოემბერს, ხმების 56.74%-ით სახელისუფლებო კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს სძლია.
- დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შედეგები აღიარა, თუმცა 28 ნოემბერს, საარჩევნო პროცედურების დარღვევის მოტივით, სეპარატისტული რეგიონის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო თავად ალა ჯიოევას არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალა, რასაც ჯიოევას მომხრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.
- ალა ჯიოევამ ინაუგურაციის თარიღად 2012 წლის 10 თებერვალი გამოაცხადა, თუმცა 9 თებერვალს ჯიოევას შტაბი შეიარაღებულმა ძალოვნებმა დაიკავეს, თავად ჯიოევა კი ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც ძალოვნების მეთვალყურეობის ქვეშ 2012 წლის 24 მარტს დატოვა.
- საბოლოოდ, 2012 წლის 25 მარტს გამართულ არჩევნებში გამარჯვება ლეონიდ თიბილოვმა მოიპოვა, რომელმაც 23 მაისს ალა ჯიოევა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა და საკურატოროდ სოციალური სფერო ჩააბარა.
- 2014 წლის იანვარში თიბილოვმა მთავრობა გადააყენა და მას შემდეგ ჯიოევა მთავრობის თავმუჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.
დამატებითი ინფორმაცია
- არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
- 2007 წლის 14 აგვისტოს მიენიჭა რუსეთის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.