
ახალი ამბები
დომენტი კულუმბეგოვი
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი
ზოგადი ინფორმაცია
- დომენტი კულუმბეგოვი დაიბადა 1955 წლის 4 იანვარს, გორის რაიონის სოფელ თხინალაში.
- 1978 წელს დაამთავრა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი, 2009 წელს – თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემია. არის ისტორიისა და უცხო ენების, ასევე იურისპრუდენციის სპეციალისტი. ფლობს გერმანულ ენას.
- 2000 წელს გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები სახელმწიფო სამსახურის ჩრდილო კავკასიურ აკადემიაში, ქ. დონის როსტოვში.
პროფესიული კარიერა
- 1978-1979 წლებში კულუმბეგოვი მუშაობდა თბილისის გვირაბმშენებელი ქარხნის ქ. ცხინვალის განყოფილებაში.
- 1980 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს კომკავშირის ქ. ცხინვალის საქალაქო კომიტეტში. 1983-1985 წლებში იყო ცხინვალის ქალაქკომის პირველი მდივანი, ხოლო 1985-1988 წლებში კომკავშრის სამხრეთ ოსეთის რაიკომის პირველი მდივანი.
- 1988 წლიდან 1991 წლამდე კულუმბეგოვი საქართველოს კომუნისტური პარტიის სამხრეთ ოსეთის რაიკომის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
- 1992 წლიდან 2000 წლამდე დომენტი კულუმბეგოვი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურში მუშაობდა. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, დაწყებული უფროსი ინსპექტორით და საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილით დამთავრებული.
- 2000 – 2006 წლებში იყო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს საიმიგრაციო საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2006 წელს იგი ამავე სამმართველოს უფროსი გახდა.
- 2006 წლის ოქტომბერში კულუმბეგოვი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
- 2009 წელს იგი სამუშაოდ ცხინვალში გადადის და ედუარდ კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლებაში სამხერთ ოსეთის ვიცე-პრემიერად ინიშნება. აღნიშნული თანამდებობა მას 2012 წლამდე ეკავა.
- 2012 – 2013 წლებში კულუმბეგოვი იყო სამხრეთ ოსეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის თანაშემწე. ამავე დროს, ეკავა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ეროვნულ საკითხთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
- 2013 წლის 18 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით, იგი კვლავ დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად და ამ თანამდებობაზე გურამ მელკოევი ჩაანაცვლა.
- 2014 წლის 20 იანვარს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დაითხოვა, რის შემდეგაც დომენტი კულუმბეგოვი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
- 2014 წლის 1 აპრილს თიბილოვმა კულუმბეგოვის კანდიდატურა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარუდგინა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის საკონონმდებლო ორგანომ დაამტკიცა;
- 2014 წლის 2 აპრილს თიბილოვმა კულუმბეგოვი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.
დამატებითი ინფორმაცია
- ჯერ კიდევ მთავრობის დათხოვნამდე, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ თიბილოვს დომენტი კულუმბეგოვის პრემიერ-მინისტრად გადაყვანა და როსტისლავ ხუგაევის ჩანაცვლება სურდა. ეს საკითხი მან 2013 წლის აგვისტოში მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ყოფნის დროს წამოსწია, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ. 2013 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ ვლადისლავ სურკოვი დაინიშნა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კურირებს. მას შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ სურკოვი ცხინვალში მთავრობის შეცვლა სურდა რათა უკეთესად გაეკონტროლებინა რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების ხარჯვის პროცესი.
- 90-იან წლებში, ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, დომენტი კულუმბეგოვი ასრულებდა შუამავლის როლს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ასევე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე იგი იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის წევრი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მხრიდან.
- დომენტი კულუმბეგოვი ხელმძღვანელობდა სპეციალურ კომისიას, რომელიც ტოპონიმების დადგენის მიზნით 2010 წელს დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განკარგულებით შეიქმნა. კომისიის მუშაობის შედეგად მოხდა ქართული სოფლების დასახელების შეცვლა.