ახალი ამბები

სტანისლავ კოჩიევი

დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი

ზოგადი მონაცემები

  • სტანისლავ კოჩიევი დაიბადა 1954 წლის 7 აპრილს ცხინვალის რაიონის სოფელ ქურთაში.
  • 1971 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის #6-ე საშუალო სკოლა. 1972-1977 წლებში სწავლობდა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიისა და ინგლისური ენის ფაკულტეტზე.
  • 1994 წელს დაამთავრა პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტი ბაქოში. ასევე, დამთავრებული აქვს საბჭოთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის დაუსწრებელი განყოფილება.

კარიერა

  • 1981 წელს სტანისლავ კოჩიევმა მუშაობა დაიწყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო კონტროლის კომიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა მუშათა საჩივრების და წინადადებების განხილვის განყოფილებას.
  • 1989-1991 წლებში იგი ცხინვალში რაიკომის იდეოლოგიური განყოფილების უფროსი იყო.
  • 1991 წელს კოჩიევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობაში პრესისა და ინფორმაციის მინისტრად დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მას 1999 წლამდე ეკავა.
  • 1993 წელს კოჩიევი სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად აირჩიეს.
  • 1999-2004 წლებში იყო დე ფაქტო მესამე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.
  • მონაწილეობდა 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მეორე ტურში გავიდა და ხმების 40%-ით ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ დამარცხდა.
  • 2009 წლის 19 ივნისს სტანისლავ კოჩიევი დე ფაქტო მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. თუმცა, ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო, 2011 წლის 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე სახელისუფლებო პარტია „ერთობამ“, „სახალხო პარტიის“ მხარდაჭერით,  კოჩიევი თანამდებობიდან გადააყენა, რაც კოჩიევმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
  • 2012 წლის 3 თებერვალს კომუნისტურმა პარტიამ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში სტანისლავ კოჩიევის კანდიდატურა წამოაყენა. მანამდე კომუნისტური პარტია აცხადებდა, რომ 25 მარტის არჩევნებზე მხარს მხოლოდ მოსკოვისათვის მისაღებ კანდიდატს დაუჭერდა. კოჩიევის საარჩევნო შტაბს სათავეში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი მურატ ვანეევი ჩაუდგა, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
  • 25 მარტს გამართულ არჩევნებში სტანისლავ კოჩიევმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 5.26% მიიღო და საპრეზიდენტო მარათონს პირველივე ტურში გამოეთიშა. 8 აპრილს გამართულ მეორე ტურში კი კომუნისტურმა პარტიამ მხარი ლეონიდ თიბილოვის კანდიდატურას დაუჭირა.
  • 2012 წლის 2 ივლისს, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტანისლავ კოჩიევს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება აღუდგა. 

დამატებითი ინფორმაცია

  • სტანისლავ კოჩიევი კომუნისტურ პარტიათა საერთაშორისო გაერთიანების საბჭოს და აღმასკომის წევრია. საბჭოს ხელმძღვანელობს რუსეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი გენადი ზიუგანოვი.
  • სტანისლავ კოჩიევს მიღებული აქვს რუსეთის დუმის, რუსეთის კომუნისტური პარტიის, ჩრდილოეთ ოსეთის, სეპარატისტული აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის  ჯილდოები.
  • არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
  • ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. 

მსგავსი/Related

Back to top button