ახალი ამბები

ემა გამისონია

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ზოგადი მონაცემები

  • ემა გამისონია დაიბადა 1962 წლის 16 მარტს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ჩხორთოლში.
  • 1978 წელს დაამთავრა ქალაქ ტყვარჩელის #5-ე საშუალო სკოლა. 1978-1983 წლებში სწავლობდა მოსკოვის ნადეჟდა კრუპსკაიას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1984 წლიდან 1989 წლამდე იყო სოფელ ჩხორთოლის საშუალო სკოლის პედაგოგი და დირექტორის მოადგილე.
  • 1989 წელს ჩააბარა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში. 1995 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, რის შემდეგაც ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას აფხაზეთის უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე.
  • არის სამი წიგნის და ერთი მონოგრაფიის ავტორი პოლიტოლოგიის თემაზე.
  • ემა გამისონია იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პროსახელისუფლებო პარტიიდან „ერთიანი აფხაზეთი“ („Единая Абхазия“).
  • 2012 წლის 3 აპრილს, მე-4 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტში იგი ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

დამატებითი ინფორმაცია

  • ემა გამისონია იყო სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც გალისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრებ ქართველებზე აფხაზური პასპორტების გაცემის საკითხს სწავლობდა. 
  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვების კომენტირებისას, რომელიც აფხაზებისა და ოსების მიმართ მეტი სითბოსა და სიყვარულის გამოჩენას შეეხებოდა, ემა გამისონიამ განაცხადა, რომ მთავარი სიტყვები კი არა, მოქმედებებია და იმ შემთხვევაში თუ ქართველების მხრიდან ხელი მოეწერება სამშვიდობო ხელშეკრულებას, მოლაპარაკებების წარმოება საქართველოსთან ნებისმიერ ფორმატში იქნება შესაძლებელი. 
  • 2005 წელს საქართველოს მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი (ამჟამად სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი) აცხადებდა, რომ მას წერილებისა და სატელეფონო კავშირების სახით პერიოდული კონტაქტები ჰქონდა დე ფაქტო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ემა გამისონიასთან, რომელიც აფხაზეთში მყოფი ქართველი პატიმრების მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაციას აწვდიდა.

მსგავსი/Related

Back to top button