ახალი ამბები

ვალერი ბგანბა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე

ზოგადი ინფორმაცია

  • ვალერი ბგანბა დაიბადა 1953 წლის 26 აგვისტოს გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, აფხაზეთის სსარ.
  • 1969 წელს დაამთავრა სოფელ ბზიფის #1 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბზიფის ხის გადამამუშავებელ კომბინატში.
  • 1971-1976 წლებში სწავლობდა ყუბანის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში.
  • 1976-1978 წლებში აგრონომად მუშაობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ–ში, ქალაქ არღუნში. 1978-1979 წლებში იყო ქ. გაგრის აღმასრულებელი კომიტეტის სოფლის მეურნეობის სამმართველოს აგრონომი.
  • 1979 წელს ბგანბა ქ. გაგრის კომკავშირის მეორე მდივანი გახდა. 1982-1988 წლებში კი გაგრის საქალაქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
  • 1989 წელს გაგრის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე გახდა.
  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პოლიტიკური კარიერა

  • 1991 წელს ვალერი ბგანბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.
  • 1992-1993 წლებში იყო ქ. გაგრის და ბზიფის გამაგრებული რაიონის დაცვის შტაბის წევრი.
  • 1998 წელს ბგანბა გაგრის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2001 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე იგი ხელმეორედ დაამტკიცეს.
  • 2002 წელს ბგანბა გაგრის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად სერგეი ბაღაფშის არჩევიდან ერთი წლის თავზე, 2006 წელს, ბგანბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე იგი ბაღაფშის ფავორიტად ცნობილმა ასტამურ ქეცბამ ჩაანაცვლა. იმავე წელს ბგანბა გაგრაში მდებარე სანატორიუმ „ამრა“-ს დირექტორად დაინიშნა.
  • 2007 წელს ვალერი ბგანბა მე-4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. 
  • 2012 წლის 3 აპრილს ბგანბა მე-5 მოწვევის პარლამენტის სპიკერი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მას კონკურენციას ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერი, რაულ ხაჯიმბა უწევდა. ბგანბას სასარგებლოდ ხმა 33 დეპუტატიდან 21-მა მისცა, ხოლო ხაჯიმბას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დამატებითი ინფორმაცია

  • სპიკერის არჩევის პერიოდში აფხაზურ პრესასა და საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ ანქვაბის ადმინისტრაციის მიერ დეპუტატების მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე, რათა ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ხაჯიმბას სპიკერობა გამოერიცხათ. აფხაზური პრესის თანახმად, ვალერი ბგანბას კანდიდატურა დაძაბული კულუარული მოლაპარაკებების შედეგად შეირჩა და იგი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთგვარ კომპრომისულ ვარიანტს წარმოადგენდა. 
  • ითვლება, რომ ვალერი ბგანბას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ორიენტაცია. ერთი პერიოდი იგი სერგეი ბაღაფშის და ალექსანდრე ანქვაბის ოპოზიციონერად და ე.წ. „ხაჯიმბისტების“ მოკავშირედ ითვლებოდა (2004 წელი, 2010 წელი), მაშინ, როცა 2012 წელს სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ მარათონში სწორედ ანქვაბის პოზიციები დაიცვა და რაულ ხაჯიმბას დაუპირისპირდა.
Back to top button