ნაციონალურმა მოძრაობის პრაიმერში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
ნაციონალურმა მოძრაობამ 1 მარტს ორი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენი მერობის კანდიდატურის გამოსავლენად პარტიის მიერ დაგეგმილ პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას.
პრაიმერში გამარჯვებისთვის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე და თბილისის მერიის თანამდებობის პირი ნიკოლოზ მელია იბრძოლებენ. გადაწყვეტილება 1 მარტს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე გახმოვანდა.
გიორგი ვაშაძემ, რომელმაც პირველად მერობის კანდიდატად კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება შარშან გაახმოვანა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო 2010–2012 წლებში, ხოლო მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატი გახდა, ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი გახდა.
ნიკოლოზ მელია, რომელიც ამჟამად ძველი თბილისის რაიონის გამგებელია, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; შარშან მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელად მუშაობის დროს „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე; ის უარყოფს ბრალდებებს.
მელიამ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, თუმცა ის ამას არა "ნაკლად", არამედ პირიქით, უპირატესობად მიიჩნევს.
გიგი უგულავამ, რომელსაც სასამართლომ დეკემბერში თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერა, რადგანაც მას ბრალად ედება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენება სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში, 1 მარტს განაცხადა, რომ ის თბილისის მერად კენჭს აღარ იყრის. სექტემბერში მან განაცხადა, რომ სურდა ხელახლა კენჭისყრა.
შაბათს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას უგულავამ განაცხადა ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან, დავით ნარმანიასთან მიმართებაში: „მთავრობას გამოუცდელი და თბილისისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი და ალბათ ბევრისთვის შეურაცხმყოფელი კანდიდატი ჰყავს“.
„შესაბამისად გამარჯვება რეალურია და მეც დაგეთანხმებით ეს ლოგოკურია“, – განაცხადა უგულავამ, რომელიც 2005 წლიდან თბილისის მერი იყო, და დასძინა, რომ ის არ იყრის კენჭს, რადგანაც მიაჩნია, რომ ერთი და იგივე ადამიანი არ უნდა იყოს „მიჯაჭვული“ თანამდებობაზე.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, რომელიც ამჟამად რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრია, განაცხადა 1 მარტს, სანამ ნაციონალური მოძრაობა პოტენციურ კანდიდატებს დაასახელებდა, რომ არ აქცევს დიდ ყურადღებას იმას, თუ ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
„ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან დაბალი პოლიტიკური რეიტინგის და ნდობის მანდატის მქონე პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ნარმანიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)