ახალი ამბები

აბაშიძის და კარასინის შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება

მოსკოვმა განაცხადა, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების საკითხი  „პრაქტიკული კუთხით“ იქნება განხილული მომავალ კვირას პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა 4–5 მარტს იგეგმება.

დიალოგის ეს ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვთ, 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

„ჩვენ არ ველით, რომ პრაღაში უმაღლესი დონის შეხვედრის მოდალობები იქნება განხილული პრაქტიკული კუთხით. ის ყოველმხრივ უნდა მომზადდეს. ამაში ორივე მხარეა დაინტერესებული. ჩვეულებრივი სახელმწიფოთაშორისი პრაქტიკის თანახმად, ლიდერების შეხვედრას წინ უნდა უძღოდეს დიდი მოსამზადებელი სამუშაო, რათა შემუშავდეს საერთო შეხედულება იმ შეთანხმებების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა მას შედეგად მოყვეს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 26 თებერვალს.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ აბაშიძესა და კარასინს შორის ამ „არაფორმალური დიალოგის“ ფორმატმა გარკვეული შედეგები გამოიღო და მათ შორისაა ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე.

„საქართველოს მონაწილეობამ 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში პოზიტიური ეფექტი მოახდინა ორმხრივი ურთიერთობების ატმოსფეროზე“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, მომავალი შეხვედრის დროს, რომელიც მეექვსე იქნება ამ ფორმატში, აბაშიძე და კარასინი განაგრძობენ იმ საკითხების განხილვას, რომლებზეც გრძელვადიანი პროგრესია შესაძლებელი და ასევე გაცვლიან შეხედულებებს ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროებში მიმდინარე და შესაძლო ორმხრივი პროექტების შესახებ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button