თბილისი მიესალმება უკრაინაში ‘რთული პროცესების ნორმალიზების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს’
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინაში მიმდინარე „რთული პროცესების ნორმალიზების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს“ და ადასტურებს მზადყოფნას „მეგობარ“ უკრაინასთან კვლავ გააგრძელოს „წარმატებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა“, მათ შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
საქართველოს საგარეო უწყება 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, „გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნებითა და ურყევი ძალისხმევით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, დაიძლევა პოლიტიკური კრიზისი“ უკრაინაში.
„უკრაინელი ხალხის ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების კვალდაკვალ განხორციელდება შესაბამისი ყველა ქმედითი რეფორმა, და უკრაინა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში“, – იმედოვნებს საგარეო უწყება და კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)