ახალი ამბები

ვიაჩესლავ ჩირიკბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

ზოგადი ინფორმაცია

  • ვიაჩესლავ ჩირიკბა დაიბადა 1959 წლის 17 მარტს ქ. გაგრაში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, აფხაზეთი სსარ.
  • 1966-1976 წლებში დაამთავრა ქ. გაგრის #5-ე საშუალო სკოლა.
  • 1977-1982 წლებში სწავლობდა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ფაკულტეტზე.
  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პოლიტიკური საქმიანობა

  • 1993-1994 წლებში, ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
  • 1993-1998 წლებში იყო აფხაზეთის დე ფაქტო სრულუფლებიანი წარმომადგენელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, 1998 წელს – აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო ელჩი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
  • 2005 წელს ჩირიკბა არაღიარებული ხალხების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
  • 2007-2008 წლებში იგი იყო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
  • 2010-2011 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, იყო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჟენევის დისკუსიებში.
  • 2011 წლის 11 ოქტომბერს ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებით, ვიაჩესლავ ჩირიკბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

სამეცნიერო საქმიანობა

  • პოლიტიკის გარდა, ჩირიკბა ცნობილია თავისი აქტიური სამეცნიერო საქმიანობით. მისი სამეცნიერო კარიერა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან იწყება, სადაც ასპირანტურის დამთავრების შემდეგ (1986,) ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად იგი 1991 წლამდე მუშაობდა.
  • 1991-1996 წლებში ჩირიკბამ ლეიდენის შედარებითი ლინგვისტიკის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) დოქტორანტურა დაამთავრა. 2000-2004 წლებში ამავე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა აფხაზურის ენის გრამატიკასა და ქართული ენის გრამატიკაში, ხოლო 2005-2006 წლებში ასირიოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიურ ენებს ასწავლიდა.
  • 1996-1997 წლებში, როგორც მიწვეული მკვლევარი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის“ თემაზე, მუშაობდა კლინგენდალის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში (ჰააგა, ნიდერლანდები).
  • 2007 წელს ჩირიკბა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტში პოლიტოლოგიისა და კონფლიქტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2007-2010 წლებში კი, ლექციებს კითხულობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ ენასა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და ისტორიაში.
  • ვიაჩესლავ ჩირიკბა არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიოლოგთა ევროპული საზოგადოების წევრი და პრეისტორიულ ენათა კვლევის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
  • სხვადასხვა დროს ვიაჩესლავ ჩირიკბა იყო გაზეთ „ალაშარა“-ს რედაქტორი (1989-1990), ჟურნალ „Caucasian Review“-ს თანარედაქტორი (1994-1995 წლები. ლეიდენი, ნიდერლანდები), ელექტრონული ჟურნალის „აფხაზური ბიულეტენის“ რედაქტორი (1998-2001 წლები. ჰააგა, ნიდერლანდები). ასევე მან დააფუძნა და ხელმძღვანელობდა „აფხაზეთის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საერთაშორისო ცენტრს“.

დამატებითი ინფორმაცია

  • ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, იგი თბილისში უკანასკნელად XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იყო. ქართველებიდან მას კარგი ურთიერთობები აკავშირებდა აღმოსავლეთმცოდნე ირაკლი მაჭავარიანთან და პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ამჟამად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია.
  • 2012 წლის ივნისში ვიაჩესლავ ჩირიკბას ინტერვიუს იტალიურ გამოცემა „LIMES“-თან პოლიტიკური ხმაური მოჰყვა. „LIMES“-ის თანახმად, ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზებს „უფრო პრაგმატული თანამოსაუბრეები სჭირდებათ, როგორებიც არიან ირაკლი ალასანია ან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატულიც, რომელიც გაიგებს, როგორი გადაწყვეტილებაა მომგებიანი ყველასთვის.“ მოგვიანებით ჩირიკბამ განაცხადა, რომ იტალიურმა გაზეთმა მისი სიტყვები დაამახინჯა და საუბრის მხოლოდ გამარტივებული შინაარსი გადმოსცა.
  • 2012 წლის 18 აპრილს ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აშშ-ი სახელმწიფო მდივნის დონეზე აშანტაჟებს და ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებსაც აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება სურთ. მისივე თქმით, 2008 წელს ევროკავშირის მხრიდან მუქარის ობიექტები გახდნენ ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები.

მსგავსი/Related

Back to top button