
ახალი ამბები
ალექსანდრე სტრანიჩკინი
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი
ზოგადი მონაცემები
- ალექსანდრე სტრანიჩკინი დაიბადა 1955 წლის 5 აპრილს ქ. ჩიტაში, რუსეთი. აფხაზეთში ცხოვრობს 1968 წლიდან.
- 1972 წელს დაამთავრა ქვემო ეშერის საშუალო სკოლა. 1973 წელს მუშაობა დაიწყო კინოთეატრ „აფსნი“–ში მექანიკოსის მოსწავლედ, მოგვიანებით კი სოხუმის თევზსაჭერ კოლმეურნეობაში.
- 1983 წელს დაამთავრა როსტოვის ეკოლოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1983–1989 წლებში ასწავლიდა პოლიტეკონომიას აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1989 წელს პოლიტეკონომიის კათედრის მასწავლებლად აირჩიეს. 1995–2005 წლებში ეკონომიკური თეორიის კათედრის უფროს მასწავლებლად მუშაობდა. 2005 წლიდან კათედრაზე დოცენტის მოვალეობას ასრულებს.
- 1984–1989 წლებში სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს სოხუმის საქალაქო განყოფილებაში ეკონომისტად მუშაობდა. 1994–1997 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. აფხაზეთის მასშტაბით ცნობილი ეკონომისტია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები და არის ეკონომიკურ თეორიაში სასწავლო წიგნების თანაავტორი.
- ჰყავს მეუღლე და ვაჟი.
პოლიტიკური კარიერა
- 1996 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი გახდა, სადაც საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მოღვაწეობდა.
- 2002 წელს კვლავ აირჩიეს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატად. ალექსანდრე სტრანიჩკინმა ვიცე–სპიკერის პოსტი დაიკავა.
- 2006 წლის 10 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში ვიცე–პრემიერის პოსტზე დაინიშნა.
- 2011 წლის 10 ოქტომბერს ახალი მთავრობის ფორმირების დროს კვლავ ვიცე–პრემიერად დაინიშნა. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიას მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს დამტკიცებული განკარგულების თანახმად, რომელიც პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს შორის ფუნქციათა განაწილებას ადგენს, ალექსანდრე სტრანიჩკინის საკურატოროდ შემდეგი საკითხები განისაზღვრა: საგადასახადო და საბაჟო შემოსავლები, სატყეო მეურნეობა, სტატისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, მოსახლეობის დასაქმების საკითხები, საკურატორო სფეროების მიხედვით ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მუშაობა და ნორმატიული აქტების მომზადება.
- 2013 წელს აფხაზეთში მოქმედი პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ წევრებმა, მისი ლიდერის, დაურ ტარბას ხელმძღვანელობით, ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიამ 2011 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, მაგრამ მათი აზრით, ალექსანდრე ანქვაბმა მათი იმედები ვერ გაამართლა. პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ალექსანდრე სტრანიჩკინმა პარტიის რიგები დატოვა.
სხვა საქმიანობა
- 2011 წელს აფხაზეთში ჩატარებული დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ჩემპიონატმა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თბილისის მხრიდან პროტესტი გამოიწვია.
- 2012 წელს ალექსანდრე სტრანიჩკინი რუსეთ–აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „2012 წლის თანამემამულის“ რუსული პრემიით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების ცერემონია 2012 წლის 13 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა. პრემია უცხოეთში მცხოვრები გამოჩენილი რუსებისათვის რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საბჭომ და მოსკოვის მთავრობამ 2002 წელს დააწესეს.
აფხაზეთის რუსული თემი
- ალექსანდრე სტრანიჩკინი საზოგადოებრივი გაერთიანებების ასოციაციის „აფხაზეთის რესპუბლიკის რუსული თემის“ თავმჯდომარეა.
- 2012 წლის 19 ივლისს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის რუსული თემების ორგანიზაციების პირველი საყოველთაო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი გაერთიანებების ასოციაციის „აფხაზეთის რესპუბლიკის რუსული თემი“, რომელსაც მხარს უჭერდა აფხაზეთში რუსეთის საელჩო და „Россотрудничество“–ს წარმომადგენელი. კონფერენციაში აფხაზეთის ყველა რაიონის 15 რუსული თემის 44 წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენციაზე რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭო დაარსდა, რომლის პირველ თავმჯდომარედაც ალექსანდრე სტრანიჩკინი აირჩიეს.
- ალექსანდრე სტრანიჩკინი რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საბჭოს მმართველი ორგანოს წევრია. საბჭოს პირველი კონგრესი 2001 წელს ჩატარდა.
- აფხაზეთის რუსულ თემში ბოლო წლებში შიდა დაპირისპირება შეიმჩნევა. ალექსანდრე სტრანიჩკინს მწვავედ აკრიტიკებენ მისი ოპონენტები, რომ იგი სათანადოდ არ რეაგირებს აფხაზეთში მცხოვრები სლავური წარმოშობის ადამიანების ქონებისა და ბიზნესის სფეროში შექმნილ პრობლემებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მწვავედ მიიჩნევა, ე.წ. საბინაო საკითხი.
- ალექსანდრე სტრანიჩკინს განსაკუთრებით აკრიტიკებს აფხაზეთში რუსეთის თანამემამულეების რუსული თემების კონგრესის ხელმძღვანელი გენადი ნიკიტჩენკო, 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის გმირი. გენადი ნიკიტჩენკოს შეფასებით, აფხაზეთში რუსული თემის გახლეჩვას ცდილობენ და ამ საქმეში ალექსანდრე სტრანიჩკინს უშუალოდ უჭერს მხარს აფხაზეთში მოქმედი რუსეთის საელჩო. მისი განცხადებით, ალექსანდრე სტრანიჩკინს ორი შეუთავსებელი თანამდებობა უკავია – ვიცე–პრემიერის და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის.