skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო, განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა კვირას.

„დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში, ასევე მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში სიტყვით გამოვლენ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე, სადაც ორ ქვეყანას შორის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დანიელ იოჰანესთან.

25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში, ხოლო 27 თებერვალს კოლუმბიის უნივერსიტეტში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად აშშ–ში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button