საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცეს
პარლამენტმა 19 თებერვალს პირველი მოსმენით არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც საარჩევნო სისტემას შესაბამისობაში მოიყვანს თვითმმართველობის ახალ კოდექსთან, რომლის საფუძველზეც ივნისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე 12 ქალაქში მერები და ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევა.
ძირითად ცვლილებებს შორის არის:
დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან არ ჩაერთვნენ საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტული ასპექტების დეტალურ განხილვაში და სანაცვლოდ, საპარლამენტო განხილვა იმისთვის გამოიყენეს, რომ კიდევ ერთხელ გაესვათ ხაზი ზოგადად საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მათი წუხილებისთვის. როგორც ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, გარემოს აუარესებს რეგიონებში რამოდენიმე ადგილობრივი მოხელის „პოლიტიკურად მოტივირებული“ დაკავებები და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება; რამოდენიმე დღის წინ ამ საკითხზე ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც გაამახვილა ყურადღება.
თავის გამოსვლაში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მართალია საკანონმდებლო ინიციატივით უმჯობესდება რამოდენიმე ნორმა, თუმცა საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ კანონმდებლობა. მან განაცხადა, რომ თუ არსებობს ეჭვი, რომ კანონდარღვევას ქონდა ადგილი, გამოძიება უნდა წარიმართოს, მაგრამ ამისთვის არ არის საჭირო ოპოზიციის კანდიდატების საარჩევნო კამპანიისთვის ჩამოშორება მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გზით, რამაც „შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების ლეგიტიმაცია იქნება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ“.
ამ მიზეზით ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილება არ მიიღო. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ამ 80-დან ქართული ოცნების ოთხი დეპუტატის ხმა ისე იყო მიცემული, რომ ისინი რეალურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ და მათ მაგივრად სხვამ დააჭირა კენჭისყრის ღილაკს ხელი. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას რცხვენია ასეთი ფაქტის გამო.
საპარლამენტო სესიის დროს განხილვა მცირე ხნით შეწყდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე და ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დაუპირისპირდნენ; ამ უკანასკნელმა ბობოხიძის მიმართულებით პლასტიკური ბოთლი ისროლა. მათ შორის კამათი საარჩევნო კოდექსს არ უკავშირდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოთხოვნის შემდეგ მანდატურებმა ორივე დეპუტატს დარბაზი დაატოვებინეს.
საარჩევნო ბარიერი
კანონპროექტის მიღებამდე ერთ–ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი იყო პირველ ტურში მერების და გამგებლების ასარჩევად მინიმალური ბარიერის დაწესება.
თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებამდე თბილისი ერთადერთი ქალაქი იყო საქართველოში, სადაც მერი პირდაპირი წესით აირჩეოდა 30%–იანი ბარიერით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულად ცხადდებოდა ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებდა, თუმცა არანაკლედ 30%–ისა.
17 თებერვლამდე კოალიცია ქართული ოცნების წინადადება იყო, რომ მერების ასარჩევად ბარიერი თბილისში და დანარჩენ 11 ქალაქში 40% ყოფილიყო, ხოლო გამგებლებისთვის – 33%; ამ შემოთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი.
ქართული ოცნების წევრების ძირითადი არგუმენტი ის იყო, რომ უფრო მაღალი ბარიერი მეორე ტურის მეტ შანსებს აჩენდა, რაც თავის მხრივ ფინანსურ დანახარჯებს გაზრდიდა. ქართული ოცნების ინიციატივა 40%–იანი და 33%–იანი ბარიერის შემოღების თაობაზე უკვე ასახული იყო პარლამენტში წარდგენილ ცვლილებების პროექტში, როდესაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ ქართული ოცნება მერების და გამგებლების ასარჩევად 50%–იანი ბარიერის შემოღებაზე დათანხმდა.
საკრებულოები
მერებთან და გამგებლებთან ერთად ამომრჩევლები ივნისში საკრებულოებსაც აირჩევენ თბილისსა და ათობით თვითმმართველ მუნიციპალიტეტში.
მართალია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა შემოღებული, მათ შორის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემისთვის ბარიერის შემცირება და პარტიული მანდატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ საერთო ჯამში საკრებულოების არჩევის სისტემა ძირითადად იგივე რჩება.
პარლამენტის მსგავსად, საკრებულოების წევრებსაც შერეული სისტემით ირჩევენ – ნაწილი მაჟორიტარული წესით, ნაწილი კი პარტიული სიით აირჩევიან.
არსებული კანონმდებლობით, პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე კონკრეტულ ოლქში სულ ცოტა 5%–ს მოიპოვებს, შეძლებს საკუთარი წევრების შეყვანას შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ეს ბარიერი თბილისში 4%–ს შეადგენს.
შემოთავაზებული პროექტი რეგიონებში ამ ბარიერის 5%–დან 4%–მდე დაწევას ითვალისწინებს, ისევე როგორც ეს თბილისშია.
საკრებულოების მაჟორიტარი წევრები ერთმანდატიან ოლქებში აირჩევიან; ბარიერი დაწესებული არ არის და კანდიდატი რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, გამარჯვებული მაჟორიტარი პირველივე ტურში ხდება.
ეს წესი კვლავ შენარჩუნებულია საკანონმდებლო ცვლილებების შემოთავაზებულ პაკეტში.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჯგუფი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად არსებული ერთმანდატიანი ოლქები მრავალმანდატიანით შეეცვალა – სისტემით, სადაც ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმა, რამდენი მანდატიც არის გასანაწილებელი ოლქში.
პროპორციული/მაჟორიტარული ადგილები საკრებულოებში
ამჟამად, პროპორციული სისტემით გამოყოფილი ადგილების რაოდენობა საკრებულოების უმეტესობაში 10–ს შეადგენს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის თბილისი, სადაც პარტიული სიით გამოყოფილი ადგილების რაოდენობა 25–ია, ხოლო დარჩენილი 25 ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით. ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში პროპორციული სისტემით გამოყოფილი ადგილების რაოდენობა 15–ს შეადგენს.
შემოთავაზებული პროექტი საკრებულოების უმეტესობაში პროპორციული სისტემით გამოყოფილი ადგილების 10–დან 15–მდე გაზრდას ითვალისწინებს. მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა განსხვავდება მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების ოდენობის შესაბამისად.
თვითმმართველ ქალაქებში ადგილების გადანაწილების წესი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის უცვლელი რჩება. თბილისის საკრებულოს კვლავ 50 ადგილი ექნება (25 – მაჟორიტარი; 25 – პროპორციული).
15 ადგილი დარჩება პროპორციული სისტემისთვის და 10 მაჟორიტარული სისტემისთვის ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის საკრებულოებში. 10 პროპორციული და 5 მაჟორიტარული ადგილი დარჩება ფოთის, თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოებში. ამ ქალაქების მერები პირველად აირჩევიან პირდაპირი წესით ივნისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.
2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს 64 მუნიციპალიტეტში ( მუნიციპალიტეტების რაოდენობა გაიზრდება მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზარდა) არსებულ ყველა საკრებულოში სულ 670 ადგილი იყო გათვალისწინებული პროპორციული სისტემისთვის; ოთხი წლის წინ მაჟორიტარული ადგილების საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 1 025–ს შეადგენდა. ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც ცვლილებების პაკეტზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ საკრებულოების უმეტესობაში პარტიული სიით ასარჩევი ადგილების რაოდენობის გაზრდის შედეგად, მათი საერთო რაოდენობა თითქმის გაუთანაბრდება მაჟორიტარული ადგილების რაოდენობას ქვეყნის მასშტაბით.
ვის შეუძლია კანდიდატების დასახელება
ერთ–ერთი სადავო საკითხი, რომელზეც არჩევნებზე დამკვირვებელი ბევრი ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას, არის შემოთავაზებული პროექტის ის დებულება, რომელიც არ აძლევს დამოუკიდებელ კანდიდატებს უფლებას, რომ მერად ან გამგებლად იყარონ კენჭი.
თუ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს საკრებულოების მაჟორირატული მანდატებისთვის შეუძლიათ კენჭისყრა, კანდიდატი, რომელსაც მერად ან გამგებლად სურს კენჭისყრა, შემოთავაზებული პროექტის თანახმად, აუცილებლად პოლიტიკურმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა უნდა წარადგინოს.
2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაკეთებულ რეკომენდაციებში OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა საქართველოს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს.
პროექტის ერთ–ერთი დებულების თანახმად, პირს ეკრძალება მერობის ან გამგებლის კანდიდატად ყოფნა და იმავდროულად საკრებულოს მანდატისთვის ბრძოლა. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას, რადგანაც, როგორც ისინი ამბობენ, მათი მწირი ადამიანური რესურსების პირობებში, ეს დებულება არ მისცემს მათ საშუალებას, რომ ბევრ ოლქში დაასახელონ კანდიდატები.
დაფინანსება
არსებული შემოთავაზების თანახმად, პარტიები ან საარჩევნო ბლოკები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე ხმების სულ ცოტა 3%–ს მიიღებენ, თავიანთი კამპანიის ხარჯების დასაფარად სახელმწიფო დაფინანსებას მაქსიმუმ 500 000 ლარის ოდენობით მიიღებენ.
შემოთავაზება ასევე ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციებში პარტიების წარმომადგენლების დაფინანსების გაზრდას. ეს წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არ არიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავიანთი სადამკვირვებლო მანდატის ფარგლებში. არსებული წესის თანახმად, სახელმწიფო არჩევნების დღეს პარტიას თითოეულ წარმომადგენელზე 100 ლარს გამოუყოფს საუბნო და 150 ლარს საოლქო საარჩევნო კომისიაში. პროექტი ამ დაფინანსების 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
ამჟამად, ამ დაფინანსების მიღება მხოლოდ „კვალიფიციურ პარტიებს“ შეუძლიათ – ანუ მათ, ვინც ხმების სულ ცოტა 3% მიიღეს დამოუკიდებლად ან სხვა პარტიებთან ერთიან ბლოკში ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე.
პროექტი ითვალისწინებს, რომ დაფინანსების ეს სქემა იმ პარტიებთან მიმართებაშიც იქნას გამოყენებული, რომლებიც „კვალიფიციურის“ კატეგორიაში არ შედიან. თუმცა, პატარა პარტიები ამ სქემით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას, თუ ისინი ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანდებიან და თუ მათი ხმების საერთო რაოდენობა, რომელიც მათ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე დააგროვეს, 2%–ს შეადგენს.
სახელმწიფო დაფინანსების ერთ-ერთი მოქმედი მექანიზმის შესაბამისად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელთაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, 2014 წელს 600 000 ლარია თითოეულისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს დაფინანსება ყოველ საარჩევნო წელს ეკუთვნის იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც გარკვეულ შედეგს მიაღწიეს ბოლო არჩევნებში.
არსებული შემოთავაზებით, ეს ორი პოლიტიკური პარტია ვალდებულია ამ 600 000 ლარიდან სულ ცოტა 15% გამოყოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის სულ ცოტა შვიდ რეგიონალურ სატელევიზიო არხზე (იმ არხებზე, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ მაუწყებლობენ). ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალისგან სულ ცოტა 180 000 ლარი რეგიონალურ ტელევიზიებში მიემართება.
მაგრამ ის რეგიონალური ტელევიზიები, რომლებიც ამ სქემით ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას თავიანთ საეთერო დროს მიყიდიან პოლიტიკური რეკლამისთვის, ვალდებული იქნებიან უფასო საეთერო დრო გამოუყონ იმ რამდენიმე პატარა პარტიას, რომლებიც ამჟამად არ ექცევიან „კვალიფიციური“ პარტიების კატეგორიაში, თუმცა ერთჯერადი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს შარშან საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)