ახალი ამბები

სოხუმი სოჭის ოლიმპიადის დროს ‘სავიზო წესებს’ ამარტივებს

სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ჩასული ტურისტების მოზიდვის მიზნით, სეპარატისტულმა აფხაზეთმა სავიზო წესები გაამარტივა იმ უცხოელებისთვის, რომელთაც რეგიონში შესვლა რუსეთიდან სურთ.

10 თებერვლიდან სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზების გაცემა ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაიწყო, სოჭიდან დაახლოებით 40 კილომეტრში. ეს გამარტივებული წესი სოჭის ოლიმპიადის დროს იმოქმედებს და უცხოელ მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ წინასწარ ვიზების მოთხოვნა საკონსულოში ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით, განაცხადა „აფსნიპრესმა“.

საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც საქართველოს მიერ არ კონტროლდება, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ წესის დარღვევა ისჯება ფულადი ჯარიმით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ესტონეთმა, საფრანგეთმა და რუმინეთმა, გააფრთხილეს თავიანთი მოქალაქეები, რომ თავი შეეკავებინათ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთიდან შესვლაზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მართალია შარშან საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, მაგრამ ეს ინიციატივა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ შეჩერდა და კანონპროექტი ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button