skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველო „უფრო მეტად დაუახლოვდა“ ნატოს, მაგრამ „ჯერ კიდევ რჩება შესასრულებელი სამუშაო“, განაცხადა ნატოს გერენალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 5 თებერვალს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„დღეს ჩვენ ვხედავთ უფრო მომწიფებულ დემოკრატიას თქვენს ქვეყანაში შარშან ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ“, – განუცხადა მან პრემიერ ღარიბაშვილს.

რასმუსნემა განაცხადა, რომ სექტემბერის დასაწყისში უელსში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის  დეტალური დღის წესრიგი ჯერ გაწერილი არ არის.

„ჩვენ ვხედავთ არსებით პროგრესს საქართველოში და მჯერა, რომ ეს პროგრესი აღიარებული იქნება და შესაბამისად აისახება სამიტზე“, – განაცხადა რასმუსენმა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმები „პოზიტიურად შეფასდება ალიანსის მხრიდან“.   

„ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ამ მიღწევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ნატოში ინტეგრაციის გზაზე წინ წავიწიოთ“, – განაცხადა პრემიერმა, „საქართველო მყარად მისდევს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზას… მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმ რეფორმების განხორციელების გასაგრძელებლად, რომელიც საქართველოს  ნატოს მიუახლოებს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის „ძლიერი და ერთგული“ პარტნიორია, აღნიშნა ქვეყნის წვლილი ავღანეთის ISAF-ის მისიაში და თბილისის დაპირება, რომ ფინანსურად და წვრთნებით დაეხმარება ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ნატოს 2014 წლის შემდგომ მისიაში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას 2015 წელს თავისი წვლილი შეიტანოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

“ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოების ძალების რეფორმირებაზე, რათა დავეხმაროთ მათ ნატოს სტანდარტების მიღწევაში, რათა უკეთესად შეძლონ იმ საფრთხეებთან გამკლავება, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას“, – განაცხადა რასმუსენმა, „ახლა პრიორიტეტია ყველა მიმართულებით რეფორმების განხორციელების გაგრძელება, მათ შორის თავდაცვის, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი ხელისუფლების კუთხით“.

მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოსთან  წინასწარ შეუთანხმებლად მიღებული იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სასაზღვრო ზონის არეალი სეპარატისტული აფხაზეთის სიღრმეში გაფართოვდა სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე და მისი მსვლელობის პერიოდში. მისივე თქმით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეებისა და ბარიერების აღმართვა ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას და ადილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.

„ოცდამეერთე საუკუნე ხიდების მშენებლობის და არა ღობეების აგებისაა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button