საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
11-12 თებერვალს საქართველოში ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს – სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
„ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საქართველოში უმაღლეს დონეზე მოხდეს, რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში, სამხედრო-პოლიტიკური თემების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა. ამავე დროს, ნატოს მაღალი დონის წარმომადგენლებმა თავისი თვალით იხილონ, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ“, – განაცხადა საქართველოს გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
მან ეს განცხადება ბრიუსელში მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან, რომელიც უხელმძღვანელებს დელეგაციას თებერვალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს.
სამხედრო კომიტეტის ვიზიტი თავდაპირველად 2012 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო.
კომიტეტი, რომელიც სამხედრო საკითხებში რეკომენდაციებს აძლევს ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)