
ამერიკელი დეპუტატები თბილისს სტუმრობენ
ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების ჯგუფი კვირას თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
დელეგაციის წევრები არიან რესპუბლიკელი სენატორები ჯეიმს ინჰოფი და ჯონ ბუზმანი, ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენები ანდერ კრინშოუ და სტივ პირსი, და დემოკრატი კონგრესმენი ენ კირკპატრიკი.
მთავრობის წევრებთან შეხვედრამდე დელეგაციის წევრები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდნენ. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამერიკელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიების „დეოკუპაციის“ და შიდა დემოკრატიული რეფორმების საკითხები განიხილეს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ: „ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო დღეს ხვდება ამ დელეგაციას იმ ვითარებაში, როცა გრძელდება რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, როცა ჩვენს ხელისუფლებას მოდუნებული აქვს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციაზე წნეხის განსახორციელებლად… საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფოკუსირებული არა ოპონენტების დევნაზე და ციხეებში ჩასმაზე, არამედ ქვეყნის სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაზე, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე“.
ამერიკელი დეპუტატები ასევე შეხვდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის რამდენიმე წევრს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს.
„ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიუილ მთლიანობის მიმართ, ასევე აშშ–ის მადლიერება საქართველოს თავგანწირვისა და წვლილის მიმართ ავღანეთში ნატოს მისიაში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენულ უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და მივესალმებით მათ ახლო ურთიერთობას ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის საშუალებით“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.
„ველით საქართველოსთან – ჩვენს ერთ–ერთ უახლოეს პარტნიორთან და მეგობართან – ახლო, კონსტრუქციული და ღრმა თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა საელჩომ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები… და განსაკუთრებით ვისაუბრეთ თავდაცვის შესაძლებლობებზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)