
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსული სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენას
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ავიაგამანადგურებლების და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავის გადაფრენის შესახებ.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას რუსული ავიაგამანადგურებლებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 15 იანვარს.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერდა 13 იანვარს, რომ 10 იანვარს საქართველოს საჰაერო სივრცეს ხუთმა რუსულმა სუ–27 ტიპის ავიაგამანადგურებელმა და ილ–76 ტიპის სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა გადაუფრინეს, რის შემდეგაც ისინი სომხეთში გაჩერდნენ საწვავის შესავსებად; ამავე ინფორმაციით, რომელშიც წყარო არ არის მითითებული, სამხედრო თვითმფრინავები ბაჰრეინისკენ მიფრინავდნენ, სადაც საერთაშორისო ავიაშოუ იყო დაგეგმილი, ხოლო შემდეგ იმავე მარშრუტით საქართველოში აპირებდნენ დაბრუნებას 20 იანვარს. გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ეს რუსული სამხედრო თვითმფრინავების პირველი გადაფრენა იყო საქართველოს თავზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომ 10 იანვარს თბილისს სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა გამანადგურებელმა და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა გადაუფრინა „სიმართლეს არ შეესაბამება“. „ასევე, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ იგივე შემადგენლობისთვის 20 იანვარს საქართველოს საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ გახსნაა დაგეგმილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გაზეთით გავრცელებული ინფორმაცია ასევე უარყო კომპანია „საქაერონავიგაციამ“, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვას ახორციელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)