
წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 2.4% შეადგინა
წყარო: საქსტატი
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 2.4% შეადგინა, ვინაიდან საკვებ პროდუქტებზე, თამბაქოსა და საცხოვრებელზე ფასები გაიზარდა, ნათქვამია საქსტატის მიერ 3 იანვარს გავრცელებულ ცნობაში.
ეს მაჩვენებელი აღემატება ნოემბერში დაფიქსირებული 0.6%-იანი ინფლაციის დონეს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებულ ინფლაციის 6%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. მთავრობამ 2014 წლისთვის წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლად 3.5% განსაზღვრა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზრდა დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქსტატის თანახმად.
დეკემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.7%-ით გაიზარდა 2012 წლის შესაბამის თვესთან შედარებით; სიგარეტსა და საცხოვრებელზე ფასებმა 13.6%-ით და 3.9%-ით მოიმატა, შესაბამისად.
ჯანდაცვის მომსახურებისა და სასტუმროებისა და რესტორნების ფასები, შესაბამისად, 1.5% და 2.3%-ით გაიზარდა; ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასებმა დეკემბერში 5.5%-ით დაიკლო წინა დეკემბერთან შედარებით.
დეკემბერის 2.4%-იანი წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ. ინფლაციის დონე უკანასკნელი 25 თვის განმავლობაში ან უარყოფით მაჩვენებელში იყო გამოსახული ან ნულის გარშემო მერყეობდა.
დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3.75%-ზე დატოვა, რაც უცვლელია აგვისტოს შემდეგ და წარმოადგენს ყველაზე დაბალ განაკვეთს 2008 წლის იანვრიდან, როცა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ყოველთვიურად დადგენის პრაქტიკა შემოიღო.
„მეოთხე კვარტალში ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი მატება შეინიშნება“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 18 დეკემბერს, „ადგილობრივი მოთხოვნის მატებაზე მიუთითებს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც. წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში იმპორტის გამოცოცხლება შეინიშნებოდა და წინა წელთან შედარებით 22 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საგარეო მოთხოვნაც: ექსპორტის მოცულობის წლიურმა ზრდამ ნოემბერში 60 პროცენტი შეადგინა. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ასევე ფულადი გზავნილების შემოდინების ზრდის ტემპი – 12.6 პროცენტი, რაც ხელს უწყობს ერთობლივი მოთხოვნის დამატებით გააქტიურებას“.
This post is also available in: English Русский