Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ახალი ლიდერების საახალწლო მილოცვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობისადმი თავის საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, ახალი 2014 წელი კი „უმნიშვნელოვანესი წელი იქნება ევროპასთან დაახლოების კუთხით“; პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის მილოცვაში აღნიშნა, რომ „უნდა შევქმნათ ახალი ქართული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ემოციებითა და მოვლენებით“ სავსე 2013 წელი „ძალიან მნიშვნელოვანი“ იყო საქართველოსთვის, მათ შორის „სამართლიანობის დამკვიდრების პროცესის“ დაწყების კუთხით.

„დასრულდა შიშისა და ტერორის ეპოქა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ათასობით ადამიანი, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრობაში, წელს საკუთარ სახლებში შეხვდებიან ახალ წელს. ვიცი, რომ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც სამართლის აღსრულებას ელოდებიან. გარწმუნებთ, ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება და მის სამართლიანობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს“.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში ხალხისგან „წამოსულ ხმას ანგარიშს ვუწევთ და ვითვალისწინებთ“.

მისი თქმით, ეკონომიკის განვითარება „ჩვენი მთავარი გამოწვევაა“. მან განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ქვეყანაში გაიხსნება „მრავალი ახალი საწარმო“, რითაც დაიწყება „ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი“.

„2014 წელი ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი წელი იქნება ევროპასთან დაახლოების კუთხით. 2014 წლის აგვისტოში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მგზავრობა „არც ისე შორი პერსპექტივა  გახდება“ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მან ასევე მიულოცა ახალი წელი „აფხაზ და ოს ძმებს“.

„მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას, აღვადგენთ ურთიერთობებს და ჩვენს საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
 
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე ახსენა „აფხაზი და ოსი ძმები“ თავის მისალოც სიტყვაში, განაცხადა რა, მათი მისამართით, რომ „ჩვენ უნდა შევძლოთ წარსულის ტკივილის გადალახვა და ახალი ხედვით ახალი საქართველოს აშენება“.

„გასულ წელს თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, „მაგრამ თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებს და ქართულ ტრადიციებს“. 

„მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს – უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს“, – განაგრძო მარგველაშვილმა, „ქართველი თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ქართული კულტურა მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის კულტურაა. ქართველი კაცი ინდივიდუალისტია, მაგრამ, ამავე დროს, გვაერთიანებს ლოზუნგი „ძალა ერთობაშია“. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ახალი სულის შთაბერვით უნდა შევქმნათ ახალი ქართული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო. სწორედ ასე, დაუღალავი შრომით, იმ ფასეულობების ერთგულებით, რომლებიც წარსულთან გვაკავშირებს და უხილავ ხიდებს აბამს მომავალთან, უნდა შევქმნათ თანამედროვე ქართული სახელმწიფო – ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button