skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ხელმძღვანელობა გმობს ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარ აფეთქებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმეს ვოლგოგრადის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე 29 დეკემბერს მომხდარი აფეთქება, რომელმაც სულ ცოტა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„დიდ მწუხარებას და აღშფოთებას გამოვთქვამ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებული ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის სამძიმრის წერილში, „ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ რუს ხალხს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო“.

„საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც საზღვრები, და მზად არის მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ – 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ მოვლენასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მომხდარიs გამო „გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა“ გამოუცხადა „გარდაცვლილთა ოჯახებს და რუს ხალხს“.

„საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის წერილობით განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button