ახალი ამბები

უფლებადამცველები უგულავას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სავარაუდო ზეწოლის გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოიძიოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა, როდესაც ის თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებას იღებდა  ბრალდების მხარის შუამდგომლობის სასარგებლოდ. 

უგულავამ განაცხადა შაბათს და შემდეგ კვირასაც გაიმეორა, რომ სასამართლო მოსმენის წინ და მის შემდეგაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად  ჯანყარაშვილი პირადად ახდენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანებლობაზე ზეწოლას.

„წლების განმავლობაში, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის არაერთი მცდელობა იყო, რამაც გავლენა იქონია მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხსა და სისტემის განვითარების ტენდენციებზე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა ნათელია, რომ ვითარება საკმაოდ მყიფე და არამდგრადია. ამ პირობებში კი განსაკუთრებულად სახიფათოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად და სათანადოდ იქნეს შესწავლილი ყველა ფაქტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვაზე შეიძლება მიუთითებდეს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებს ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მხარეთა ზეპირი არგუმენტების მოსმენის გარეშე და უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს უფლება ჰქონდა ამგვარი პროცედურით მიეღო გადაწყვეტილება. „თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა დასწრებით განიხილა პროკურატურის სხვა შუამდგომლობა, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა ასევე მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა“.

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სასამართლოზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ. ნაციონალურმა მოძრაობამ ამ საკითხის განხილვის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომის მოწვევისკენაც მოუწოდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button