ახალი ამბები

თვითმმართველობის ახალი კოდექსი პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 13 დეკემბერს თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი, რომლის ძირითადი ნოვაცია მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაა, პირველი მოსმენით 82 ხმით დაამტკიცა ისე, რომ კენჭისყრაში მონაწილე არცერთ დეპუტატს მის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია. 

მთავრობის მიერ შემუშავებული და განხილვების დროს კორექტირებული პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის ბოიკოტირების პირობებში მიიღეს.

„მე თქვენთან ერთად მართლაც ვარ ამაყი იმის გამო, რომ საქართველოში ილახება ერთი ძალიან დიდი ბარიერი, რომელთან შერკინება ვერავინ ვერ გაბედა. ალბათ იმიტომ ვერ გაბედეს, რომ იყვნენ სუსტი ხელისუფალნი და სუსტებს ეშინათ მხოლოდ ბევრი არჩეული მერის და გამგებლის ქვეყანაში… და თვითმმართველობა ეს არის ძალა ხალხისა. ვისაც ხალხის ძალის ეშინოდა, ის ყველანაირად გვერდს უვლიდა ამ თემას“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს ქართული ოცნებიდან და დასძინა, რომ აჯობებდა, თუ მიმდინარე საპარლამენტო განხილვებში ნაციონალური მოძრაობაც მიიღებდა მონაწილეობას, რომლის წარმომადგენლებიც, მისი თქმით, მართალია მიესალმებიან ადგილობრივი ხელისუფლების პირდაპირ არჩევნებს, თუმცა „მანამდე ვინ უშლიდა და რა უშლიდა ამ ხალხს, რომ [ხელისუფლებაში ყოფნის დროს] თვითმმართველობაც დაემკვიდრებინა და პირდაპირი არჩევნებიც“.

კოდექსის პროექტი ქმნის ჩარჩოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელზეც საქართველოს მოსახლეობა გამონაკლისის სახით 3 წლით პირდაპირი წესით აირჩევს ადგილობრივი  თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ხელისუფლებებს. პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, 2017 წლის მომდევნო არჩევნებზე ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც წესია, 4 წლის ვადით აირჩევა. 

2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის გათვალისწინებულია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსს არსებულ ხუთ ქალაქთან  – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი – ერთად, ასევე მიიღებენ: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი.

თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო სულ 18 თვითმმართველი ქალაქის ჩამოყალიბება, თუმცა განხილვების პროცესში კრიტერიუმის შეცვლის შედეგად, ეს ოდენობა 12-მდე შემცირდა.

„თვითმმართველის“ სტატუსის მქონე ქალაქების მოსახლეობას შეეძლება პირდაპირი წესით აირჩიონ მერები  – ამჟამად მერი პირდაპირ მხოლოდ თბილისში ირჩევა.

თავისი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს – გამგებელს ასევე პირდაპირი წესით აირჩევენ თვითმმართველ თემში, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე დასახლების (ქალაქის, სოფლის, დაბის) მუნიციპალურ ერთობლიობას. 

არსებული კანონმდებლობით, თბილისის გარდა, ამჟამად არსებული ოთხი თვითმმართველი ქალაქის მერი და რაიონების გამგებლები თავიანთ თანამდებობებზე საკრებულოს წევრთა თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ ინიშნებიან.

საკრებულოები, პროექტის თანახმად, ასევე პირდაპირი წესით ირჩევა, თუმცა როგორც მათი, ისე მერებისა და გამგებლების არჩევის წესი ჯერ კიდევ განსასაზღვრია პარლამენტის მიერ.

როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ახალმა ხელმძღვანელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ 13 დეკემბერს საპარლამენტო განხილვის დროს განაცხადა, საარჩევნო სისტემის განსაზღვრაზე ჯგუფი მუშაობას უახლოეს ხანებში შეუდგება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს, გამგებლის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას როგორც საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით, ისე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.

რეფორმის შედეგად მოსალოდნელია არსებული 69 მუნიციპალიტეტის დაყოფის შედეგად მათი რაოდენობის ზრდაც.

ახალი მუნიციპალიტეტების შემქნის ან არსებულის გაუქმების თაობაზე, პროექტის მიხედვით, წინადადებებს სპეციალური უწყებათშორისი კომისია შეიმუშავებს და შესაბამისი რეკომენდაციით მთავრობას მიმართავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით პარლამენტი მიიღებს. 

პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში შეცვლილია რეგიონულ დონეზე დაგეგმილი სიახლეებიც.

პროექტის თანახმად, გუბერნატორები კვლავ მთავრობის მიერ დაინიშნებიან თანამდებობებზე. თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა რეგიონალურ დონეზე საბჭოების შემოღებას, რომელშიც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები შევიდოდნენ. თავდაპირველი პროექტის თანახმად, გუბერნატორები ანგარიშვალდებულები უნდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ საბჭოების წინაშეც, რომელთაც ასევე ჰქონდათ მინიჭებული უფლებამოსილება მთავრობის წინაშე გუბერნატორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ.

თუმცა კომპეტენციათა ამგვარი განაწილების შეცვლა კანონპროექტის ავტორებს მას შემდეგ მოუწიათ, რაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და საპატრიარქომ ხელისუფლება იმ მოტივით გააკრიტიკა, რომ, მათი მოსაზრებით, რეგიონული საბჭოები სეპარატიზმის საფრთხეს შეიცავდა. მართალია ეს შიშები კოდექსის პროექტის ავტორებმა, ზოგიერთმა ექსპერტმა და ნაციონალურმა მოძრაობამ უარყვეს, მაგრამ რეგიონულ დონეზე დაგეგმილი სიახლეების კუთხით პროექტი მაინც მნიშვნელოვნად ჩასწორდა, რის გამოც ხელისუფლება საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.  

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ 13 დეკემბერს საპარლამენტო განხილვების დროს გაუგებარი უწოდა სეპარატიზმთან დაკავშირებულ „ფობიებს“, რომელიც იმის ბრალია, რომ საკითხის „ღრმა ანალიზი არ გაკეთებულა“.  მან ასევე შეახსენა, რომ საქართველო ადმინისტრაციულად ყოველთვის იყოფოდა მხარეებად, რომლებიც კომუნისტური მმართველობის დროს შეიცვალა რაიონული დაყოფის სისტემით.  

„რომელ სეპარატიზმზეა საუბარი? ვინ გამოეყოფა საქართველოს ერთი მითხარით?“, -მიმართა მან ტრიბუნიდან თანაგუნდელებს, „თუ ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, გადავავადებთ, რაღაცეებს გადავაყოლებთ, მე გარწმუნებთ თქვენ, რომ სულ ცოტა სამი წლით გადავწევთ საქართველოს რეგიონების და ჩვენი სამშობლოს განვითარების პროცესის დაწყებას“.

ახალი ფორმულირების მიხედვით, რეგიონულ დონეზე შეიქმნება სამხარეო საბჭოები, რომელშიც გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების პირდაპირი წესით არჩეული გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეეები (თითოეული მუნიციპალიტეტიდან 3 წარმომადგენელი) შევლენ. ამ საბჭოების ფუნქციები საგრძნობლად შეიკვეცება თავდაპირველ პროექტთან შედარებით და იქნება: გუბერნატორის წარდგინებით განსახორციელებელი პროექტების და მათი ხარჯთაღრიცხვის განხილვა; რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა; გუბერნატორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებს, რომლებიც პროექტის მიხედვით, გუბერნატორების მოწვევით არანაკლებ 3 თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, აღარ ექნება უფლება მთავრობის წინაშე გუბერნატორის გადაყენების საკითხი დასვას. 

ამასთან, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოღებულია დებულება სოფლებისა და ასევე ქალაქების უბნების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები შექმნის თაობაზე.

ამ ახალი ინსტიტუტის შემოღებას თავდაპირველად წარდგენილი პროექტი ითვალისწინებდა, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმს, რაც გულისხმობდა განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართულობასა და ასევე დასახლებაში განსახორციელებელ პროექტების შერჩევაში, დაგეგმვასა და განხორციელების მონიტორინგში ადგილობრივების მონაწილეობას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ  შერგელაშვილმა, რომელმაც მისი უწყების ფარგლებში მომზადებული კოდექსის პროექტი წარადგინა, დეპუტატებს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა დროებით გადაიდო და ამ საკითხს მთავრობა აუცილებლად დაუბრუნდება, სავარაუდოდ, 2015 წლამდე.

მისივე ინფორმაციით, თვითმმართველობების უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ასევე დაგეგმილია 2014 წლის 1 სექტემბრისთვის კანონპროექტის შემუშავება, რომელიც საშემოსავლო გადასახადის გარკვეულ პროცენტს მუნიციპალიტეტებს დაუტოვებს. ამჟამად საშემოსავლო გადასახადი ცენტრალიზებულად იკრიფება და ადგილობრივი გადასახადების კატეგორიას კი მხოლოდ ქონების გადასახადი წარმოადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტების ფინანსურ წყაროა ასევე ადგილობრივი მოსაკრებლები და ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები.

კენჭისყრის წინ, რასაც ასევე წინ უძღოდა უმრავლესობის წევრთა გამოსვლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავის სიტყვაში მიესალმა იმ დებატებსა და განხილვებს, რომლებიც თვითმმართველობის რეფორმას გასდევს და აღიარა ასევე „შეცდომა“, რომ ამ თემაზე 50-ზე მეტი შეხვედრის გამართვის მიუხედავად, ხელისუფლებას მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა როგორც პოლიტიკურ სპექტრთან, ისე საზოგადოებასთან დაგეგმილი რეფორმის არსის უკეთ ასახსნელად.

მისი თქმით, მოსალოდნელი „შეცდომების“ შიშით რეფორმაზე უარის თქმა დაუშვებელია, რადგან „თუ შეცდომები არ გვექნება, მაშინ არც წინსვლა არ გვექნება“ და ამიტომ „ეს ნაბიჯები თამამად უნდა გადავდგათ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button