ახალი ამბები

პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 86 ხმით 11 დეკემბერს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომლის  შემოსავლები 7.319 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 7.223 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა 7.422 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.248 მლრდ ლარია. 

მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლების სახით 6.82 მლრდ ლარია დაგეგმილი, რაც 100 მლნ ლარით ჩამორჩება წლევანდელ საპროგნოზო მაჩვენებელს. ამგვარ შემცირებას მთავრობა იმ ფაქტორით ხსნის, რომ თებერვლიდან იგეგმება დაახლოებით 180-200 მლნ ლარის ოდენობით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და ასევე წინა წლებში ზედმეტად გადახდილი დაახლოებით 150 მლნ ლარის გადასახადების დაბრუნება.

მომავალ წელს მისაღები გრანტების ოდენობა 144 მლნ ლარს შეადგენს მაშინ, როცა მიმდინარე წელს გრანტების მოცულობა 202.5 მლნ ლარია; ხოლო „სხვა შემოსავლების“ სახით დაგეგმილია 355 მლნ ლარის მობილიზება, რაც 55 მლნ ლარით აღემატება წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ამ პარამეტრს.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრების მთლიანი მოცულობა 600 მლნ ლარს შეადგენს – ეს ყველაზე მაღალი შიდა ვალის მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში აუღია და რომლის გამოც, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს ქართული ოცნების ხელისუფლებას.

ბიუჯეტის პროექტში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს. წლევანდელ ბიუჯეტში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 6%-ია, თუმცა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განუცხადა 11დეკემბერს დეპუტატებს, რომ ეს პროგნოზი ვერ შესრულდება და მიმდინარე წლის რეალური ზრდა 2.5% იქნება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 1.9% შეადგინა.

ხადურის ინფორმაციით, მომავალ წლის ბიუჯეტში ინფლაციის 3.5%-იანი მაჩვენებელია დაგეგმილი.

2014 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2.658 მლრდ ლარი (2013 წელს – 2.345 მლრდ ლარი; 2012 წელს –  1.821 მლრდ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 875 მლნ ლარი (2013 წელი – 928.5 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 754.3 მლნ ლარი (2013 წელი – 673.2 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 263.5 მლნ ლარი (2013 წელი – 241  მლნ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2013 წელი – 660 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6  მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2013 წელი –  570 მლნ ლარი; 2012 წ –  587.8  მლნ ლარი; 2011 წ – 568 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 96 მლნ ლარი (2013 წელი – 100 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 87  მლნ ლარი (2013 წელი – 55  მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 114.6 მლნ ლარი (2013 წელი – 118.7 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 60.5 მლნ ლარი (2013 წელი – 71.4  მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 157 მლნ ლარი  (2013 წელი – 174.3 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 90 მლნ ლარი (2013 წელი – 80 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  80 მლნ ლარი (2013 წელი- 80 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  53.9 მლნ ლარი (2013 წელი – 47.2 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 31 მლნ ლარი (2013 წელი – 25.9  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2013 წელი – 48 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2013 წელი – 1.3 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.8 მლნ ლარი (2013 წელი – 2.3  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  900 ათასი ლარი (2013 წელი – 850 ათასი ლარი).

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 20 მლნ ლარამდე იზრდება მთავრობის კანცელარიის დაფინანსება მაშინ, როცა პარლამენტის დაფინანსება წლევანდელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით მცირდება და 59.5 მლნ ლარს შეადგენს; პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი 9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 20 ათასი ლარით მეტია წლევანდელ დაფინანსებაზე.

ამასთან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს განახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავ 50 მლნ ლარის მოცულობის დარჩება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც თითქმის 200 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე; სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი კვლავაც 50 მლნ ლარი გამოიყოფა.

ბიუჯეტში ასევე დაგეგმილია მომავალი წლის 1 მარტიდან დევნილთა შემწეობების 45 ლარამდე გაზრდა, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებისთვის ყოველთვიური 500 ლარიანი დახმარების  გაცემა და სასამართლოებში ხელფასების მატების შესახებ მთავრობის მიერ გაცემული დაპირების შესრულება.

კერძოდ, გაზრდილია სასამართლოების დაფინანსება შრომის ანაზღაურების ნაწილში: საკონსტიტუციო სასამართლო 3.3 მლნ ლარი (2013 წელს 2.6 მლნ ლარი); უზენაესი სასამართლო – 6.6 მლნ ლარი (2013 წელს 5.5 მლნ ლარი); საერთო სასამართლოები – 47.4 მლნ ლარი (2013 წელს 34.9 მლნ ლარი); და იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 2.495 მლნ ლარი (2013 წელს 1.075 მლნ ლარი).
ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 54.5 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც 28 მლნ ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოხმარდება.

მნიშვნელოვნად გაიზრდება საქსტატის დაფინანსება არსებული 4.5 მლნ ლარიდან 14.6 მლნ ლარამდე, საიდანაც 8.8 მლნ ლარი მომავალ წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მოხმარდება.

სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 280 ათასი ლარით გაიზრდება 2014 წელს და 2.380 მლნ ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მომავალ წელს  38 მლნ ლარამდე გაეზრდება წელს გათვალისწინებული 31.8 მლნ ლარიდან.

საქართველოს საპატრიარქო, 2013 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც 25 მლნ ლარით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ყველა აპარატს ეზრდება რამდენიმე ათასი ლარით საბიუჯეტო დაფინანსება; ასევე გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერებიც ჯამურად 76 მლნ ლარით, თუმცა გამონაკლისია თბილისი, რომლის ტრანსფერიც წლევანდელთან შედარებით 49.9 მლნ ლარით მცირდება მომავალს წელს და 398 მლნ ლარს შეადგენს – ამ შემცირებას დედაქალაქის მერია აპროტესტებს.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა, უკვე მეორედ მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოკუმენტი გადაამუშავა. პირველი განხილვისგან განსხვავებით, ბიუჯეტის საბოლოოდ დამტკიცებას დებატები არ უძღოდა წინ, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 11 დეკემბერს, ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე მომხდარი ჩხუბის ინციდენტის გამო პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button