ახალი ამბები

შვიდი ახალი ელჩი დაინიშნა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შვიდი ახალი ელჩი დანიშნა  ბულგარეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ირანში, იაპონიაში, იორდანიასა და უზბეკეთში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს.

გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა დაიკავა ლადო ჭანტურიამ,  რომელიც 1998-1999 წლებში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1999-2004 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რის შემდეგაც 2007 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა.

იოსებ ჩახვაშვილი ირანის და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ის 2009 წლიდან თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი იყო.

დავით აფციაურმა ჩინეთში საქართველოს ელჩის ვაკანტური თანამდებობა დაიკავა; ის 2004-2007 წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩად მსახურობდა.

ლევან ცინცაძე იაპონიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ბოლოს ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს  ხელმძღვანელობდა.

კონსტანტინე ჟღენტი უზბეკეთში საქართველოს ელჩი გახდა. ის 2004-2005 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ავსტრიაში.

ზურაბ ბერიძე  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ბულგარეთში. 2008 წლამდე ბერიძეს ოთხი წლის განმავლობაში რუმინეთსა და მოლდავეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.

გრიგოლ ტაბატაძე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა და ეს გადაწყვეტილება 2014 წლის თებერვლიდან შევა ძალაში. 2009-2010 წლებში ტაბატაძე საქართველოში ელჩად მსახურობდა სომხეთში.

17 ნოემბრიდან ამოქმედებული ახალი კონსტიტუციური წესების თანახმად, ელჩებს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. ელჩების დამტკიცებაში პარლამენტი უკვე აღარ მონაწილეობს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button