ახალი ამბები

ფანჯიკიძის გამოსვლა ეუთოს მინისტერიალზე

6 დეკემბერს კიევში ეუთოს მინისტრთა საბჭოს მე-20 სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოუწოდა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს გააძლიერონ „დიპლომატიური ძალისხმევა“, რათა დაარწმუნონ რუსეთი, რომ აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება.

საქართველომ ძალის არგამოყენების ცალმხრივი პირობა 2010 წლის ნოემბერში დადო და მას შემდეგ მოუწოდებს რუსეთს, რომ მანაც იგივე ნაბიჯი გადადგას, თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის თბილისსა და ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს. ძალის არგამოყენების პირობის საკითხი ერთ–ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული საქართველომ მთელი რიგი „კონსტრუქციული ინიციატივები განახორციელა“ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის და ნორმალიზების მიზნით, რასაც მოყვა რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქტებისთვის.

„სამწუხაროდ, აღდგენილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფონზე, რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა თავისი უკანონო ქმედებები. ჩვენი საუბრის პარალელურად, მოსკოვი განაგრძობს მავთულხლართების, ღობეების და სხვა ხელოვნური ბარიერების აგებას საქართველოს ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში, რაც ყოფს ადამიანებს, ოჯახებს და თემებს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა „გადამწყვეტია შემდგომი პროვოკაციების და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების აღსაკვეთად და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებიანი ღობეების აღმართვის პროცესის შესაჩერებლად“. 

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას საკუთარ განზრახვაზე, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტები.

როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ჟურნალისტებმა 5 დეკემბერს საქართველოს შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „თუ განვაგრძობთ პრაგმატულ მუშაობას, ვერ ვხედავ რაიმე დაბრკოლებებს ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის და ჰუმანიტარულ, ასევე კულტურის სფეროებში ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ თუ ურთიერთობების სრული ნორმალიზება გვინდა, ვერაფერს ახალს ვერ შემოგთავაზებთ, გარდა იმისა, რომ საჭიროა იმ რეალობის აღიარება, რომლებიც ამ რეგიონში არსებობს“.

რუსეთის განცხადებით, „რეალობის აღიარება“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის  არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, არ შედგა შეთანხმება საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს განცხადების მიღების თაობაზე. ასევე არ იქნა მიღებული ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პოლიტიკური დეკლარაცია რუსეთის უარყოფითი პოზიციის გამო, აღნიშნულ დეკლარაციაში ეუთო-ს არეალში არსებული კონფლიქტების აღნიშვნის მიმართ“.

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ფანჯიკიძემ ასევე მოუწოდა, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა საქართველოში ეუთოს მისიის სრულფასოვანი აღდგენისთვის, რომელიც ოკუპირებული რეგიონების შიგნით მშვიდობისმყოფელი და საპოლიციო მანდატებით იქნება აღჭურვილი. ეუთომ, რომელიც გადაწყვეტილებებს წევრებს შორის კონსენსუსის საფუძველზე იღებს, საქართველოში მისია 2009 წლის ივნისში დახურა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button