ახალი ამბები

ნატო საქართველოს რეფორმებს მიესალმა

სამუშაო ჯერ კიდევ დარჩა შესასრულებელი, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო „ბევრად დაუახლოვდა ნატოს“, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 4 დეკემბერს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრის გახსნისას.

მისი თქმით, 2008 წელს ნატო–საქართველოს კომისიის დაფუძნების შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა,  რითიც კიდევ უფრო მოახლოვდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირების შესრულება, როდესაც ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, რომ ქვეყანა ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

რასმუსენმა ასევე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ISAF–ის მისიაში და მისი დაპირება, რომ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ავღანურ ძალებს და ასევე გაწვრთნის და დაეხმარება მათ 2014 წლის შემდეგ.

„თქვენ ქვეყნის შიგნითაც ბევრი რამ გააკეთეთ. შთამბეჭდავი რეფორმები თავდაცვის სფეროში და უფრო ძლიერი დემოკრატია, შემოდგომაზე გამართული თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სამუშაო ჯერ კიდევ დარჩა შესასრულებელი, მაგრამ საერთო ჯამში თქვენ ბევრად დაუახლოვდით ნატოს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა შეაქო საქართველო, როგორც „ნატოს გამორჩეული და ძალიან ღირებული პარტნიორი“.

„ბევრი რამ არის, რითიც ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს“, – განაცხადა მან, „წლევალდელი არჩევნები და შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური იყო. საქართველოს დემოკრატიული პროცესი განაგრძობს სრულყოფას. და ამ თვალსაზრისით, საქართველო მაგალითია უფრო ფართო რეგიონისთვის“.

მან განაცხადა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს „მიღწევებს დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობის და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროების მეტი გამჭირვალობის და მეტი ანგარიშვალდებულების საქმეში“.
 
მოუწოდა რა საქართველოს ხელისუფლებას, რომ განაგრძოს დემოკრატიის გაძლიერება, რასმუსენმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების გასაგრძელებლად“.    

„ასევე ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ და აქტიურად დაიცავს კანონის უზენაესობას ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა მან.

„საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ამბიციური მიზანი აქვს: ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია, რომელსაც საქართველო ბუნებრივად მიეკუთვნება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობა ახალ ენერგიას და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა მან. 

ასევე 4 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდნენ ნატო–რუსეთის საბჭოს ფარგლებში. საქართველოზე და ნატოს გაფართოების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლავროვმა განაცხადა, რომ  ალიანსის გაფართოება ცივი ომის ლოგიკის დანატოვარია.

„ეს არა მხოლოდ გამყოფი ხაზების შენარჩუნებაა, რომლის აღების ვალდებულებაც ჩვენ ყველამ ავიღეთ, არამედ მათი შემდგომი გადაადგილება აღმოსავლეთით, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ უმაღლეს დონეზე ავიღეთ უსაფრთხოების განუყოფელობის თვალსაზრისით. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც რისკებს შეუქმნის პარტნიორების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლავროვმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ის კატეგორიულად არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ ნატოს გაფართოებამ ხელი შეუწყო უფრო მეტ არასაიმედოობას ევროატლანტიკურ სივრცეში.

„არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს იმაში, რომ იყო ნატოს წევრი და იმავდროულად შეგეძლოს გქონდეს ასეთი [პარტნიორული] ურთიერთობა რუსეთთან“, – განაცხადა რასმუსენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button