ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა შეჩერდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესაქმნელად მისი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა იმ „ერთადერთი მიზეზის“ გამო, რომ ქვეყანა არ არის მზად გასცეს მოსალოდნელი კომპენსაციები.

„გვქონდა ჩვენ ეს კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გატანილი, თუმცა მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ მართალია მართლმსაჯულების კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უჩნდება, რა თქმა უნდა, უკვე მატერიალური მოთხოვნის  დაყენების უფლება სამოქალაქო წესით სასამართლოებში და ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის“, – განუცხადა წულუკიანმა 28 ნოემბერს ჟურნალისტებს. 

„ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია“, – დასძინა მან.

იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი 15-წევრიანი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი წლის დასაწყისში შეიმუშავა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გამოტანილი იმ განაჩენების გადახედვის მიზნით, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს და ასევე იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს ეხება, სადაც დავის საგნის ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. კანონპროექტის მიხედვით, კომისია ამ საქმეების შესწავლის შედეგად მოამზადებს დასკვნას, რომლის საფუძველზეც, ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, განაჩენს უკვე  უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი პალატა გადახედავს.

კანონპროექტი, რომლის პარლამენტში ინიცირება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ასევე შეისწავლა ვენეციის კომისიამ და ივნისში მიღებულ თავის დასკვნაში ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციაც მისცა.

ვენეციის კომისიის განცხადებით, თავად იდეა, რომ  მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზების არასასამართლო ორგანოს მიერ მასშტაბური გამოკვლევა მოხდეს, თავისთავად უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება; ხელისუფლების მიდგომა კი, რომ შეიქმნას არასასამართლო ორგანო, გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ, როგორც ხელისუფლება მიიჩნევს, მართლმსაჯულების ხარვეზების მიზეზი მთლიანად სასამართლო სისტემა და პროკურატურა  იყო.

თუმცა თუ ყველა პრობლემის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს ამ გზას დაადგეს, არის „წითელი ხაზი“, რომელიც, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიკვეთოს: ნებისმიერი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული თავად სასამართლოს მიერ. ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ ურჩია ხელისუფლებას, რომ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ „მოხსენების“ სტატუსი ქონდეს, რომელიც გამოთქვამს „გონივრულ ეჭვს“, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების ხარვეზს და სასამართლო ხელისუფლებას სთხოვს „შეისწავლოს“ ეს კონკრეტული საქმე. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანონპროექტში არსებული ტერმინი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმის „გადახედვა“, უფრო ნეიტრალური ტერმინით – „შესწავლა“ – უნდა შეიცვალოს.

სექტემბერში ევროკავშირისთვის საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში, თომას ჰამარბერგი, რომელიც ევროკავშირის სპეციალური მრჩეველია საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით აღნიშნავდა: „იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იქნება საბოლოოდ დამტკიცებული მოდელი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსამართლობის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა, ასევე დაუშვებელია პარალელური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოებმა უნდა მიიღონ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button