skip to content
ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი: საქართველოს ნაკლებად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე უკრაინა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უკრაინის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხებისთვის მზადება,  შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოზე.

„პირიქით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ამ პროცესის დაჩქარებას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 27 ნოემბერს. 

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა მეტად არიან დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე საქართველო. 

„მუსირებს აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გაიზარდოს პროვოკაციების რაოდენობა. ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ დროულად მოვახდინოთ პრევენცია“, – განაცხადა მან.

„საქართველო ნაკლებად დამოკიდებულია რუსეთზე. უკრაინა და მოლდოვა მეტად დამოკიდებულია რუსეთზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 28 ნოემბერს გაიხსნება, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენს.

„ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ჩვენი ხალხის არჩევანი არის ევროპული ოჯახი; შესაბამისად, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი; ის გახდება შეუქცევადი პროცესი“.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების შემდეგ, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მათი მიზანი იქნება შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომისთვის.

ევროკომისიის წარმომადგებლები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე ძირითად სფეროს განსაზღვრავენ და კონკრეტულ მიზნებს შეიმუშავებენ თითოეულ ამ სფეროსთან მიმართებაში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი დააკვირდება საქართველოს და მოლდოვას საქმიანობას, რათა შემდეგ განსაზღვროს შესაძლებელია, თუ არა მათთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button