ახალი ამბები

საქართველოს შვიდი ახალი ელჩი ეყოლება

მთავრობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შვიდი ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად გერმანიაში, ბულგარეთში, ირანში, ჩინეთში, იაპონიაში, იორდანიასა და უზბეკეთში.

17 ნოემბრიდან ახალი კონსტიტუციური დებულებების ამოქმედების შემდეგ ელჩების დამტკიცების პროცესს პარლამენტი გამოეთიშა; ახალი წესებით, ელჩებს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან.

გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობამ 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონა. ჭანტურია 1998-1999 წლებში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1999-2004 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რის შემდეგაც 2007 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა.

ირანის და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკებში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილია იოსებ ჩახვაშვილის კანდიდატურა. ჩახვაშვილი 2009 წლიდან თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი იყო.

ჩინეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით აფციაურის კანდიდატურა არის წარდგენილი, რომელიც 2004 წლის აგვისტოში საქართველოს ელჩი გახდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

იაპონიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატია ლევან ცინცაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამჟამინდელი დირექტორი. 

უზბეკეთში საქართველოს ელჩად წარდგენილია კონსტანტინე ჟღენტი, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ავსტრიაში.

ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ბერიძის კანდიდატურაა წარდგენილი, რომელსაც 2008 წლამდე ოთხი წლის განმავლობაში რუმინეთსა და მოლდავეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე კარიერული დიპლომატის, გრიგოლ ტაბატაძის კანდიდატურა იქნა წარდგენილი, რომელიც 2009-2010 წლებში საქართველოში ელჩად მსახურობდა სომხეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button